22 სექტემბერი 2020,   18:20
ვრცლად
"არავის უშვებენ, ყველას უკან აბრუნებენ" - სვანეთში სამი საათია საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს

სვანეთში სამი საათია საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა - დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულისლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარისწვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

დამატებითი რეგულაციები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს.

ამ დასახლებებში ფუნქციონირების უფლება ექნებათ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ ობიექტებს. მოძრაობას საპოლიციო ძალა გააკონტროლებს. ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია და მოწყობილია ბლოკ-პოსტები.

"დაბა მესტიაში, ლენჯერში, უშგულსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფელში დაწესებულია საკარანტინო შეზღუდვები. საკარანტინო შეზღუდვების განმავლობაში, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი,“ - აცხადებს პატრულ-ინსპექტორი ნიკოლოზ გოგოხია.

დაწესებული შეზღუდვების გამო, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე მხოლოდ ის ადამიანები შეუშვეს, რომლებმაც მესტიის მუნიციპალიტეტი დილით დატოვეს.

"არავის არ უშვებენ, ყველას უშვებენ უკან. ქალაქშიც არა, მარტო გვერდით სოფლებში," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობს სპეციალისტთა 5 ჯგუფი, საკარანტინოდ კი 28 დღე განისაზღვრა. 

დღის ამბები