22 სექტემბერი 2020,   19:32
ვრცლად
კრემლი და მოახლოებული არჩევნები საქართველოში - საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებას უშეცდომო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

კურსი, რომლის შერყევაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით სცადა, პარტნიორებისგან კვლავაც მხარდაჭერილია. მეტიც, უკვე დღეს დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს პროცესები სწორად ვერ შეაფასა და აღმოსავლეთ ევროპასთან ძალიან შეცდა. დემოკრატიული ღირებულებები და დასავლური კურსი კი კრემლის ინტერესებს ყველაზე ნაკლებად რომ წარმოადგენს, ამაზე ევროპელი დეპუტატები თანხმდებიან. სწორედ ამიტომ ესტონელი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი ხელისუფლებას უშეცდომო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ეს გზავნილები ხელისუფლებამ, აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ უსაფრთხოების კონფერენციაზე მოისმინა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დისტანციურად უსმენდა მათ, ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ, ხელისუფლების კრიტიკა არ დაუკლია. დავით ზალკალიანმა აქცენტი ამის შემდგომ მომხდარ პოლიტიკურ პროცესზე გაამახვილა.

პარტნიორების აქცენტები ოპოზიციისთვის იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ახლა დასავლეთის ფოკუსში სწორედ არჩევნების კუთხით მოექცა და ევროპელი დეპუტატების სათქმელი ხელისუფლებამ სწორად უნდა გაიაზროს. მათი დაშვებით, რუსეთი ვერ იტყვის უარს იმაზე, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად საქართველოს არჩევნებშიც ჩაერიოს, რაზეც ყურადღება სწორედ საზოგადოებას მართებს.

ხელისუფლებისთვის რუსეთი პროცესებში უკვე ჩარეულია. ვიცე სპიკერი, გია ვოლკსი თვლის, რომ ნებით თუ უნებლიედ, ოპოზიციური ძალები კრემლის საქმეს აკეთებენ. მმართველ გუნდში საგანგებო ამოცანად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით გაუმჯობესებული სტანდარტის არჩევნებია, რაც ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოვებაში კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუთქვეს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ. რეგიონში კრემლის სურვილების გათვალისწინებით კი არჩევნებში მაღალი დემოკრატიული ხარისხის ჩვენება მათთვის იმის დასტური იქნება, რომ ქვეყნის კურსი უცვლელია.

დღის ამბები