22 სექტემბერი 2020,   19:02
ვრცლად
საქართველოს რეგიონებში, პოლიტიკოსებმა აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის მიერ სამაჩაბლოში ომის დაწყება და ოკუპაცია "ლეიბორისტებმა" სოფელ ოძისში აქციით გააპროტესტეს, სადაც პარტიის ლიდერმა დეოკუპაციისთვის რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის ხედვა წარმოადგინა.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, შინდისის გმირთა მემორიალზე პატივი მიაგეს.

რუსთავში, "ევროპული საქართველოს" ლიდერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კახაბერ თავგორაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ. კახაბერ თავგორაშვილი ცხინვალში, 2008 წლის 8 აგვისტოს მოკლეს. დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი, რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კი, ქვეყნის ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს სამცხე-ჯავახეთშიც. ახალციხის ცენტრალურ პარკში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ ადგილზე რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულები გაიხსენეს სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. გორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად, ტრადიციულად სანთლების აქცია გაიმართა.

დღის ამბები