22 ოქტომბერი 2020,   02:40
ვრცლად
პატივი უნდა მივაგოთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ - გიგა ბოკერია

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

მათ აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ღვაწლი, რომელიც მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში შეიტანეს. 

"ეს დღე არის ტრაგიკული დღე, ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული წელია ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა. დღეს არის დღე, როცა პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ვალია, ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

სასაფლაოზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძეც. 

"რუსეთის ფედერაციის მთავარი ინტერესი და მიზანი მაშინ იყო საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება, მისი სუვერენული საგარეო პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და თუ ამას მოახერხებდა, მისი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება. ვერცერთ ამ ამოცანას რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია, რადგან მას წინა აღუდგა მთლიანად ქართველი ერი, ჩვენი შეიარაღებული ძალები და ის ვაჟკაცები, ვინც სამწუხაროდ ამ მემორიალთან განისვენებენ და ჩვენი მოკავშირეები,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება. 2008 წელს 5 დღიანი შეირაღებული დაპირისპირების დროს დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი. დაიჭრა 1800-მდე ადამიანი.

2008 წლის შემდეგ და რუსული აგრესიის დროს საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი. ზუსტად 12 წლის წინ, ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები როკის გვირაბის გზით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დილის 7 საათზე დაიწყო ინტენსიური სროლები.

დღის ამბები