22 სექტემბერი 2020,   18:54
ვრცლად
დარჩება თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეში ოქროს მოწმისა და დაზარალებულების ჩვენებები - ადვოკატებს შუამდგომლობის დაკმაყოფილების იმედი არ აქვთ

ზუსტად 2 საათში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი დაიწყება. საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლო განიხილავს. დღეს წინასასამართლო სხდომა გაგრძელდება, რის შემდეგაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე სასამართლოს წინაშე 6 დაკავებული წარდგება. დღეს გაირკვევა, რა პოზიცია ექნება მოსამართლეს დაზარალებულების ჩვენებებზე, რომლებიც ადვოკატების მტკიცებით ერთმანეთს არ ემთხვევა.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მათი შუამდგომლობები დღვანდელ პროცესზე არ დაკმაყოფილდება. წინასასამართლო სხდომის მეორე ნაწილზე მოსამართლემ ადვოკატებს უნდა უთხრას პასუხი, დარჩება თუ არა საქმეში ოქროს მოწმისა და დაზარალებულების ჩვენებები. საუბარია გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ჩვენებებზე.

"დაცვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა 2 მტკიცებულების გამოკითხვის ოქმს, ამირხანაშვილისა და ახვლედიანის გამოკითხვის ოქმებს, სადაც კანონში პირდაპირ მითითებულია, თუ ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობა, მხარეს უფლება აქვს დააყენოს ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობა. ამ შუამდგომლობაზე დღეს გასცემს პასუხს სასამართლო.

ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან წარდგენილი იქნება შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ შეწყდება, არ მაქვს და რატომ - იმიტომ, რომ წინა სხდომაზე პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლომ. სასამართლომ ჩათვალა, რომ იყო ამის საფუძველი, პატიმრობაში ტოვებს არასრულწლოვანს და ამის შემდეგ არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა," - აცხადებს არასრულწლოვან ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

ასევე ადვოკატები დღეს მოითხოვენ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდეს და არსებით განხილვაში მათი საქმე აღარ გადავიდეს.

"ჩვენი არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვები ეს უკვე განვაცხადეთ წინა სასამართლოს სხდომაზე. რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებს სასამართლო დაუშვებს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჩვენი მტკიცებულებები გამოვიკვლიოთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სასამართლო მსჯელობს, არის არსებითი განხილვის სხდომის თარიღი.

რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ შეწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და არ გადაეცეს არსებითად განსახილველად სასამართლოს," - განაცხადა არასრულწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

არასრულწლოვნების მსგავსად ვახო ახვლედიანისა და გურამ ამირხანაშვილის ჩვენებები მიუღებელი არის ვახო ჩიქოვანის ახალი ადვოკატისთვის, რომელიც "კურიერთან" განმარტავს, რომ ჩიქოვანი უდანაშაულოა და სწორედ ამის დამტკიცებას შეეცდებიან ისინი სასამართლო პროცესებზე. მისივე განცხადებით, ჩიქოვანის მხრიდან არის მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში გამოძიების დამატებით კითხვებს უპასუხოს.

"ყველა ვაკე-საბურთალოს მაცხოვრებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში, მაპატიეთ, იყვნენ იმ დაბადების დღეზე და ვინც კი დაიკითხნენ, ყველამ შეცვალა ჩვენებები არა ერთხელ და ეს არის ტყუილები. არავითარ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია ამირხანაშვილის, პირიქით მოეპყრნენ ჩვეულებრივად, ადამიანურად მოექცნენ, წამოიყვანეს და შემდეგ მისი ჩვენებები იცვლება.

ასევე ვახო ჩიქოვანი არსად არ გარბოდა. ყველა ჩვენებაში არის ნაჩვენები, რომ ვახო ჩიქოვანი ვერც გაექცეოდა, ვერც დაეწეოდა, სისხლ დაკარგული ბიჭი იყო და მაპატიეთ, მაგრამ შეიძლება მე გამაოგნებელ ინფორმაციას არ ვავრცელებ, სიმართლე უნდა გაირკვეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ საწყალი ბიჭი საფლავში წევს და სხვები უდანაშაულოები დავსაჯოთ? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უაპელაციოდ მაგალითად და ბოდიშს მოვუხდი შაქარაშვილის ბიძას მირიანს, ჩემი კოლეგა და მეგობარია, ასე არ შეიძლება, ჩვენ უნდა გავარკვიოთ სიმართლე," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თეიმურაზ მაისურაძე.

დღის ამბები