22 სექტემბერი 2020,   17:28
ვრცლად
ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომელიც განსაკუთრებული პანიკის საფუძველს იძლეოდეს - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ისევ საგრძნობლად იმატა. დღეს 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი სტატისტიკის თანახმად, 12-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

"15, 20, 25, 30 - ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომელიც ვთქვათ, არ იყოს მართვადი და განსაკუთრებული პანიკის საფუძველს იძლეოდეს. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მიუხედავად იმისა, 3 იქნება, 5 იქნება თუ 0, ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, ის უნდა ყოველთვის გავატაროთ. კორონავირუსი არსად არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდით არის და ცირკულირებს, თუმცა არ ცირკულირებს ისეთი ინტენსივობით, როგორც ვთქვათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დაგვჭირდება თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად" - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა აჭარის რეგიონში გამოვლინდა. კოვიდ პაციენტებს შორის კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. 

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის თქმით, მათ კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება.

"გვყავს COVID-19-ით ინფიცირებული 20 პაციენტი. ამ 20-დან ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია. გუშინ გაუკეთდა ფილტვების განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს და თვითონაც პაციენტი სუბიექტურად თავს კარგად გრძნობს. დანარჩენი 19 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ჯერჯერობით რაიმე გართულებას ადგილი არ აქვს," - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმმა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები