22 სექტემბერი 2020,   19:53
ვრცლად
სტუდენტებისთვის, ვისაც გერმანიიდან სამუშაო მოწვევა აქვთ, სოციალური რეისი კიდევ დაიგეგმება - ნათია თურნავა

სტუდენტებისთვის, რომლებსაც გერმანიიდან მოკლევადიანი დასაქმების მიზნით მოწვევა აქვთ, ე.წ. სოციალური რეისი დაიგეგმება, რომელიც მგზავრობას შეღავათიან ფასად გულისხმობს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ერთი ასეთი რეისი უკვე განხორციელდა და შემდგომი რეისიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება.  

"როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან დასაქმებულები გერმანიაში და აქვთ სამუშაო მოწვევა იმისათვის, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ ბრუნდებიან და ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ სწავლას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტთან ერთად მათთვის დავაორგანიზეთ ე.წ. სოციალური რეისი.

ახლა რა ინფორმაციაც გვაქვს, კიდევ არის ჯგუფი მსურველების, ვისაც ხელში უჭირავს სამუშაო მოწვევები გერმანიიდან და ჩვენც ვმუშაობთ იმაზე, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ, დავეხმაროთ სტუდენტებს, რომ სუბსიდირებულ ფასად გაემგზავრონ და შეძლონ თავიანთი უფლებით სარგებლობა, რაც გულისხმობს გერმანიაში მოკლევადიან დასაქმებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები