27 სექტემბერი 2020,   13:22
ვრცლად
მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც შაბათს მოუწია საცობში დგომა - კახა კალაძე

კახა კალაძე ბოდიშს უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შაბათს, ჭავჭავაძის გამზირის ახალ სატრანსპორტო გეგმაზე გადასვლის გამო საცობში დგომა მოუწია. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა.

ადამიანურად მესმის თქვენი, მეც რიგითი მოქალაქე ვარ, მე თვითონ ვმართავ ავტომობილს და გადავაადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და თქვენ ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. მესმის თქვენი და მინდა ბოდიში მოგიხადოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, როდესაც ის დედაქალაქის მერობისთვის კენჭისყრას დათანხმდა, მისი პირობა იყო, რომ თბილისში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და არაპოპულარული, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალაქისთვის. კალაძის თქმით, სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი და უალტერნატივოა სატრანსპორტო რეფორმის გატარება.

დღის ამბები