25 სექტემბერი 2020,   00:17
ვრცლად
არჩევნების შედეგები ცნობილია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს

მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭომ არჩევნების რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ მიიღო. მოქმედმა რექტორმა თანამდებობა 32 ხმით შეინარჩუნა.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია თავად გიორგი შარვაშიძეს. კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლორიას თქმით, 37 ხმიდან 32 მოქმედმა რექტორმა მიიღო, ერთი ხმა ცირა ბარამიძემ და ერთიც გიორგი ბარამიძემ. სამივე მათგანი რექტორობის კანდიდატები იყვნენ. კახაბერ ლორიას თქმით, სამი ბიულეტენი გაბათილდა.  

"38 წევრიდან 37-მა მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია ხმის მიცემაში, გახლავთ თავად მოქმედი რექტორი, გიორგი შარვაშიძე. აკადემიური საბჭოს 37 წევრიდან, ერთმა მისცა ხმა ქალბატონ ცირა ბარამიძეს, ერთმა ბატონ გიორგი ბარამიძეს, სამი ბიულეტენი იქნა ბათილად ცნობილი და 32 ხმა მიიღო ბატონმა გიორგი შარვაშიძემ,“ –  განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლორიამ.

თავად რექტორის არჩევნების პროცესს ფარისევლურს და ფასადურს უწოდებს ”პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი, ნიკა გვაზავა.

"რაც შეეხება თვითონ პროცესს, რომ შეხედოთ თავიდანვე როგორ დაიწყო, იყო ფარისევლური, ფასადური, არანაირი საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, არც ერთმა კანდიდატმა არ წარმოადგინა ხედვები, არ შეხვედრია სტუდენტებს, არც პროფესურას, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები უკვე წინასწარვე იყო ცნობილი,“ - განაცხადა ”პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვაზავამ. 

დღის ამბები