29 სექტემბერი 2020,   23:21
ვრცლად
არცერთ ადამიანს არ აინტერესებს, ვაშაძემ ცხვირი როდის მოიხოცა და მიშამ რა უთხრა, მას აინტერესებს, რომ უკეთესად ცხოვრობდეს - ბექა ნაცვლიშვილი

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მის პოლიტიკურ ძალას უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ეყოლება, რომელთა ვინაობაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. რაც შეეხება პარტიის პროგრამას მისი პრეზენტაცია ხვალ იგეგმება

"მიმდინარეობს კონსულტაცია სხვადასხვა პოლიტიკოსებთან და ეს ყველაფერი ცხადი გახდება 10-ში,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა, ამასთან მან ლევან კობერიძესთან, ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ძალასთან და "ლელოსთანაც" ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში აქვთ განსხვავება, როგორიცაა სახელმწიფოს მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში, შესაბამისად შეთანხმებაც ვერ შედგება. თანამშრომლობას არ აპირებენ არც ენმ-სთან.

"მარტო ის ხომ არაა, რომ გავერთიანდეთ და პარლამენტში შევიდეთ. წითელი ხაზები გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის განაყოფებთან," - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა, მისი თქმით, მათი თანამებრძოლი შეიძლება იყვნენ ის პოლიტიკური ძალები და ერთეული პოლიტიკოსებიც, რომლებიც არ არიან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან".

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მათი მხარდამჭერების რაოდენობა მზარდია და წარმატების იმედი აქვს. ამასთან მისთვის არაა საინტერესო ის დღის წესრიგი, რომელიც ამჟამად ოპოზიციას აქვს.

"საერთოდ არ მაინტერესებს ოპოზიციის დღის წესრიგი, არცერთ ადამიანს, მედია რომ არ აშუქებდეს ამას ყოველდღე, რომ რა ხდება, ვაშაძემ ცხვირი როდის მოიხოცა და მიშამ რა უთხრა და ა. შ, საერთოდ არ აინტერესებს, მას აინტერესებს რომ უკეთესად ცხოვრობდეს. ჩვენ მესამე ძალად კი არ მოვიაზრებთ თავს, ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური ალტერნატივა,"- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები