27 სექტემბერი 2020,   14:08
ვრცლად
მესტიაში ხალდეს აჯანყების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ხალდეს აღორძინების ფონდის ინიციატივითა და ხელშეწყობით ექსპოზიცია მომზადდა. სვანეთის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის - ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე მოგვითხრობს.

ხალდეს ამბავი და სვანების საგმირო საქმე დიდმა თუ პატარამ იცის. აჯანყებულთა შთამომავლები ხალდელების მამაცობის შესახებ შემორჩენილ ცნობებს ახლა უკვე მომავალ თაობას უყვებიან. ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყო ფურცელი. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაუპირისპირდა ერთი პატარა სოფელი რუსეთის უზარმაზარ იმპერიას. ყველაფერი 1875 წელს მოხდა, როდესაც სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა.

სოფლის მოსახლეობამ აჯანყების დროს ბოლომდე იბრძოლა, რის გამოც სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ ხალდეში დასახლება აკრძალა და მას "ახალი იფრარი" დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი სიამაყით მოიხსენიებენ და ამ აჯანყებას ცნობილი სვანური სიმღერა - ფერხული "გაულ-გავხე" მიუძღვნეს. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ხალდეს აჯანყების ამსახველი გამოფენა წლის ბოლომდე გასტანს.

დღის ამბები