25 სექტემბერი 2020,   02:14
ვრცლად
კორონავირუსი ყარაჯალარში და პენიტენციურ დაწესებულებაში - აგრესიული ტესტირება გრძელდება

11 დღიანი იზოლაციის შემდეგ, ყარაჯალარის მკვიდრებს სოფლის ტერიტორიის დატოვების უფლება დღეს პირველად მისცეს.

მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის თბილისში რეალიზაციის სურვილით გარდაბნის მერიას თავად მიმართა. დღეიდან ისინი სოფელში არსებული საკარანტინო სივრცის დატოვებას, საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად შეძლებენ, თუმცა ტერიტორიიდან გამოსვლამდე ტესტირებას ჩაიტარებენ, თუ მათ გადაადგილებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ამ დრომდე ცხელ კერად რჩება. სოფელ ყარაჯალარში 37 დადასტურებული შემთხვევაა, მუნიციპალიტეტში კი ინფიცირებულების საერთო მაჩვენებელი 61-ია.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე გარდაბანში 850-მდე ტესტირება ჩატარდა და 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როდის გაიხსნება სოფელი ყარაჯალარი ჯერ უცნობია, რადგან თარიღი პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის მხრიდან ტესტირების პროცესში ჩართულობასთან. როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით პრობლემები კვლავ რჩება.

გარდაბნის გარდა, მომატებული რისკის ზონებად რჩება ბაზრობების ტერიტორიებიც. დაახლოებით ერთი თვეა მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში არსებულ ყველა ბაზრობაზე შემსვლელი პირებისთვის. სრულდება ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაფართოებული ტესტირების პროცესიც, სადაც საბოლოო ჯამში 5,000-მდე ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. დღეს კი შერჩევითი ტესტირება დაიწყო ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულებისთვისაც.

დღეს საქართველოში კოვიდ ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი მათგანი გაჩიანს უკავშირდება, ერთიც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი შემოტანილი. ამ ეტაპზე უცნობია ერთის ინფიცირების წყარო. დარგის სპეციალისტების განცხადებით, ეპიდვითარება კონტროლირებადი დარჩება, თუ მოსახლეობა უსაფრთხოების წესების დაცვას გააგრძელებს.

დღეს კორონავირუსი ერთ დაკავებულ პირს დაუდასტურდა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა 28 ივლისს დააკავეს, 29-ში კი ტემპერატურის მომატების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1 აგვისტოს ჩაიბარეს. ბრალდებულისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად, რის შემდეგაც მას "კოვიდ-19" დაუდასტურდა. მოქმედი რეგულაციის თანახმად, ბრალდებულებს ჯერ შემოწმება უტარდებათ და დადებითი პასუხის შემთხვევაში სტაციონარში გადაყავთ.

ამ პრევენციული ღონისძიებებით სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაცულია კოვიდის გავრცელებისგან. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულს პენიტენციურ სისტემასთან შეხება არ ჰქონია. ესკორტის ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები კი, 21 დღიან კარანტინს გაივლიან.

საქართველოში ამ დროისთვის კოვიდ ინფიცირების დადასტურებული 1,177 შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 955. ვირუსის გამო 17 ადამიანი გარდაიცვალა, 6,919 კი საკარანტინო სივრცეში რჩება.

დღის ამბები