03 აგვისტო 2020,   13:18
ვრცლად
"კურიერმა" შაქარაშვილის საქმის ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტს აღწერს

მცხეთის მთავარ სამმართველოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პარალელურად კი სამართალდამცველების კითხვებს 19 ივნისის იუბილარი ანა გაბეჩავა პასუხობს.

უკვე სამი საათია, გაბეჩავა გამოძიების კითხვებს პასუხობს. ის მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. სწორედ მისი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება იმართებოდა ნაქირავებ აგარაკზე , რა დროსაც ერთმანეთს ნაძალადეველები და საბურთალოელები დაუპირისპირდნენ.

ანა გაბეჩავა დღეს შაქარაშვილის საქმეზე არ იკითხება. მისმა ადვოკატმა სარჩელი შეიტანა მცხეთის სამმართველოში ბულინგის გამო, რომელიც გაბეჩავას წინააღმდეგ ხორციელდება.

"კურიერმა" დღეს საქმის ახალი დეტალები მოიპოვა - საუბარია ფოტომასალაზე, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტს აღწერს, მასში მონაწილეობას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იღებს.

ფოტო და ვიდეომასალაში ნათლად ჩანს გურამ ამირხანაშვილის გადაადგილება იმ ტერიტორიიდან, სადაც ის იმალებოდა. ამ ადგილზეა, სწორედ, გიორგი შაქარაშვილის ჩანთა ამოღებული, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. საუბარია ვიდეომასალის 13-წუთიან მონაკვეთზე.

საქმეში კიდევ ერთი მანქანა ფიგურირებს, რომლის მძღოლის ჩვენებითაც ირკვევა, რომ მცხეთიდან მხოლოდ ერთი პირი ჩამოიყვანეს.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, როდესაც საქმის ერთ-ერთი მოწმე ვახო ახვლედიანი დამალული იყო, მან 12-მდე ზარი განახორციელა, თუმცა ვის ურეკავდა ვახო ახვლედიანი, ჯერჯერობით, უცნობია.

"გზაში როდესაც მოვდიოდით, ზურა ელაპარაკა ჩემთვის უცნობ პიროვნებას, რომელმაც განუცხადა, რომ იყო ნახალოვკაში რამოდენიმე პირთან ერთად და უნდოდა ისევ უკან, წვეულებაზე დაბრუნება. შევხვდით ამ პირებს. მათ არ ჰყავდათ ავტომანქანა, ზურამ მთხოვა, რომ წაგვეყვანა ისევ წვეულებაზე, რაზეც უარი განვაცხადე და ვთქვი, რომ მხოლოდ "თბილისი მოლამდე" მივიყვანდი.

იმ პირებიდან მანქანაში მხოლოდ 1 ჩაგვიჯდა. მოლთან ამ პიროვნებას მეგობრები უნდა დახვედროდნენ, თუმცა არავინ დაგვხვდა, დაახლოებით 19 ივნისის 1-2 საათია.

ამის შემდეგ, დავბრუნდით ნახალოვკაში, სადაც ჩამოვიდნენ ზურაბ დადიანიძე და ჩემთვის უცნობი პირი, ხოლო მე გავაგრძელე გზა საცხოვრებელი სახლისკენ, გიორგი შაქარაშვილს არ ვიცნობდი და მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს შევიტყვე,"- ნათქვამია ერთ-ერთ ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

დღის ამბები