12 აგვისტო 2020,   02:22
ვრცლად
ჩაკეტილი საზღვარი თურქეთთან - ექსპერტები ეკონომიკურ დანაკლისზე მიუთითებენ, თუმცა გახსნის შემთხვევაში COVID ინფექციის იმპორტირებას არ გამორიცხავენ 

"ევროპული საქართველო" თურქეთთან საზღვრის გახსნას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის შეფასებით, დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაიწყება.

განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის გადასვლის საშუალება უნდა მიეცეთ. ამ დასკვნამდე პოლიტიკოსი მას შემდეგ მივიდა, რაც აჭარასა და გურიაში მოსახლეობას შეხვდა.

საკითხს ეკონომიკის თემაზე მომუშავე ექსპერტები გამოეხმაურნენ. ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ უგულავას განცხადებებს.

ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა გარკვეულ ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს საქართველოს.

"მთავრობას საკმარისი დრო ჰქონდა ვირუსის მართვის მიმართულებით, ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით, ლოჯისტიკური ამოცანების ამოხსნის მიმართულებით. სწორედ იმ მიმართულებით, რომ დღეს ჩვენ მარტივად შეგვეძლოს საზღვრების გახსნა, დიაგნოსტირება აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, რათა რაც შეიძლება შემცირებული იყოს ვირუსის გავრცელების რისკი. დღეს უკვე შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ ნებისმიერი დღე, როდესაც ხორციელდება მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვა, ნიშნავს სიღარიბის მაჩვენებელს, იმიტომ რომ ადამიანები კარგავენ ელემენტარულ შემოსავლის წყაროებს, რაც ერთჯერადი დასაქმებით ჰქონდათ, თუნდაც თურქეთთან მიმართებაში," - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი სახმელეთო საზღვარი გაიხსნება, შესაძლოა, არასტაბილურმა ეპიდსიტუაციამ იმძლავროს, რადგან მოიმატებს იმპორტირებული კოვიდ შემთხვევების რიცხვი.

"თურქეთი მოგეხსენებათ ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზულად პრობლემური ქვეყანაა პანდემიის თვალსაზრისით. შესაბამისად, ის თუნდაც რამდენიმე ათასი ლარი, რომელიც შეიძლება ადამიანმა ჩამოიტანოს თურქეთიდან საეჭვოა რომ იყოს გამართლებული ან საპირწონე თუ შეიძლება იყოს იმ რისკისა, რომელიც შეიძლება ადამიანს დაუდგეს ამ ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში. ჩემი აზრით, მიუღებელია, რომ ჩვენ გადავდგათ ჩქარი ნაბიჯები, რომელიც უფრო უკან დაგვაბრუნებს, ვიდრე წინ წაგვწევს ეკონომიკურადაც და პანდემიის თვალსაზრისითაც," - აღნიშნა ჭარაიამ.

დღის ამბები