05 აგვისტო 2020,   15:25
ვრცლად
"მშვიდობის გაკვეთილები COVID-19-სგან" - საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი ქართველმა მხატვარმა მოიპოვა

"მშვიდობის გაკვეთილები COVID-19-სგან" - საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი მაია მარტიაშვილმა დაიკავა. დამწყები მხატვრისთვის მსოფლიო პანდემია შთაგონებად იქცა. კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევარი ბოლნისიდან გაიგზავნა. კონკურსში მონაწილეობას 7 ქვეყნიდან იღებდნენ. 84 ნამუშევრიდან კი 3 გამარჯვებული საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შეიქმნა.

"შიში" - ასე ჰქვია ნახატს, რომელიც მაია მარტიაშვილმა COVID-19-ის თემატიკაზე შექმნა და ბოლნისიდან საერთაშორისო კონკურსზე გაგზავნა, საერთო განწყობა ნამუშევარში გადმოიტანა და ემოციებს თავი ერთ ფურცელზე მოუყარა. გამარჯვების შესახებ ინტერნეტიდან მოულოდნელად გაიგო. გვიყვება, რომ პანდემიით გამოწვეული მძიმე დღეები მისთვის შთაგონებად იქცა.

ნახატისთვის შავი ფანქარი საგანგებოდ შეირჩა. ავტორი ამბობს, რომ შავ-თეთრ ფერში შესრულებული ნამუშევარი იმ მწუხარების გამომხატველია, რომელიც მთელ მსოფლიოსთან ერთად მისმა თანატოლებმა, მეზობლებმა და ახლო გარემოცვამ გადაიტანა.

ნიჭი დამწყებ მხატვარში პედაგოგებმა გაცილებით ადრე აღმოაჩინეს. ის, რაზეც თვითონ არ საუბრობს მისი ნახატები ყვებიან. სკოლაში ამბობენ, რომ მაია ძირითადად იმას ხატავს, რაც აწუხებს. პანდემია, ოკუპაცია, პორტრეტები- მისი ნამუშევრები ამ თემატიკის გარშემოა შექმნილი.

"მშვიდობის გაკვეთილები COVID-19-სგან" - ასე hქვია კონკურსს, რომელშიც 7 ქვეყანა მონაწილეობდა. კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი ნახატის ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გაიგზავნა. 84 ნამუშევრიდან სამი გამარჯვებული - საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შეირჩა.

COVID-19-ს მთელი მსოფლიოდან განსხვავებულად ებრძვიან. კორონავირუსი ხელოვანებისთვის ახალი ბიძგის მიმცემია. ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები კი ისტორიად იქცევა, სწორედ მაშინ, როდესაც პანდემია მხოლოდ ფურცელზეღა დარჩება.

დღის ამბები