05 აგვისტო 2020,   14:50
ვრცლად
გაუკრვევლობა ორ უბანში და მაჟორიტარობის ყველაზე მეტი მსურველი საბურთალოზე - "კურიერისთვის" რამდენიმე ახალი გვარის შესახებ გახდა ცნობილი

საარჩევნო მარათონში ჩართვას თაკო ჩარკვიანი დამოუკიდებლად გეგმავს - პოლიტიკური ლოკაცია საბურთალოა, ჩარკვიანი ამბობს იმასაც, რომ კონკურენტებს უშანსოდ დატოვებს, მათ შორის დავით სერგენენკოსაც, რომელიც შესაძლოა ამ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატი იყოს.

საბურთალო სწორედ ის სამაჟორიტარო ოლქია, სადაც ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ჯერ ვერ შეთანხმდა. ლიდერები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციურ ერთობას 8 ოლქიდან დარჩენილ 2-ში ერთიანი წარმომადგენელი ეყოლება, ოღონდ ამჯერად შესაძლოა, არჩევანი პოლიტიკურ ფიგურებზე აღარ შეაჩერონ. "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად მიშა მშვილდაძე სახელდება.

როგორც ჩანს, საბურთალოს ოლქს მაჟორიტარობის ყველაზე მეტი პრეტენდენტი ეყოლება. ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბურთალოელების გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცადოს. ამ დროისთვის, პარტია "ლელოსთან" თანამშრომლობას არ აპირებს, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, საბურთალოს სამაჟორიტარო ოლქში ბადრი ჯაფარიძის წარდგენას გეგმავს.

თბილისის კიდევ ერთი ოლქი დიდუბეა, სადაც ოპოზიციურ ერთობას კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. განიხილება "ლელოდან" დავით უსუფაშვილის, დამოუკიდებლად კი, პაატა ბურჭულაძის კანდიდატურები. "ნაციონლაურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ დიდუბესა და საბურთალოს ოლქებში სწორედ "ლელოს" კანდიდატებს დაუჭიროს მხარი და მათ საკუთარი რჩეულები აღარ დაუპირისპიროს.

დედაქალაქის 8 ოლქიდან 6-ზე გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა. დედაქალაქში კონსოლიდაცია, რეგიონებში კი კონკურენაცია- ოპოზიციური ერთობის გამარჯვების მთავარი სტრატეგია ასეთია. თუმცა ლიდერები არც იმას გამორიცხავენ, რომ საერთო კანდიდატები რეგიონებშიც ჰყავდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საქართველოდან გიგი უგულავა სამეგრელოში, ხათუნა გოგფორიშვილი- გურიაში, ნაციონალური მოძრაობიდან კი ქუთაისელების ხმებისთვის გრიგოლ ვაშაძემ იბრძოლოს, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ანზორ ბიწაძემ კი შესაძლოა გორში იყაროს კენჭი.

დედაქალაქში ოპოციური ექვსიანის ბედი უკვე გადაწყვეტილია. ყველა ერთის წინააღმდეგ ამ პრინციპით ელენე ხოშტარია- ვაკეში, ნიკა მელია გლდანში, გიორგი ვაშაძე- ისანში, ლევან ხაბეიშვილი -სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე იბრძოლებენ. ოქტომბერში პოლიტიკურ მოედანზე თამაშის წესები უკვე ცნობილია, კანონმდებლობაც და კონსტიტუციაც შეცვლილია, საარჩევნო პროცესი კი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

დღის ამბები