12 აგვისტო 2020,   02:05
ვრცლად
10 ათასი დოლარის ქრთამი 100 მილიონიანი პროექტის ხარვეზების დასამალად - კორუფციულ გარიგებას ფოთში სუსი იძიებს

10 ათასი დოლარის ქრთამი, 100 მილიონიანი პროექტის ხარვეზების დასამალად.
ქრთამის მიმცემმა, ქრთამის ამღები დააჭერინა. დაკავებულია მაკონტროლებელი, რომელსაც ობიექტი უნდა შეემოწმებინა. თავად კომპანიის ხელმძღვანელობა კი, რომელმაც ფოთში სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა როგორც ჩანს სხვაზე, ჩივილით ცდილობდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

დაკავებულს რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს. ის დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და სადაოს ხდის მხოლოდ იმ ნაწილს, რომ როგორც აღნიშნავს, მან თანხა ქრთამის სახით მხოლოდ ერთხელ აიღო და არა რამდენჯერმე 2018 წლის შემდეგ, როგორც ამას გამოძიება ამბობს.

საქმე ეხება 100 მილიონ ლარს, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა ფოთის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყო.

როგორ დაიხარჯა დონორის მილიონები? - სწორედ ამას სწავლობს ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ორ უცხოურ კომპანიაშია შესული.

ეს რეალობა ფოთელებისთვის დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ არავინ იცის როდის იქნება ქალაქის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი. ეს პირდაპირ დამოკიდებულია საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესის დასრულებაზე, რომლის თარიღიც მხოლოდ ხელშეკრულებაში გაწერილი ციფრები დარჩა.

ანალოგიური პასუხი კომპანია "ტაჰალ ჯგუფს" და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებს 2017 წლიდან აქვთ. იმ დღიდან, როდესაც აიღეს ვალდებულება, რომ სამუშაოები მაღალი ხარისხით 2020 წლის 31 ივლისამდე შესრულდებოდა. მონიტორინგზე პასუხისმგებლობა საქართველოში ორგანიზაცია "საფეჯის" მუდმივმა დაწესებულებამ აიღო.

ზედამხედველი კომპანია პროექტის დამკვეთისთვის ჩაბარების თარიღის მოახლოებასთან ერთად ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ხელშეკრულებით შეთანხმდნენ. ამიტომ კონტროლიორი სამუშაოების მწარმოებელს გაურიგდა და 45 ათას ლარამდე თანხა მოითხოვა იმის სანაცვლოდ, რომ ხარვეზების შესახებ დამკვეთს არაფერს ეტყოდა.

პირი, რომელიც თითქმის 100 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის საქმეზეა დაკავებული მამუკა ბოხუაა. ის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "ტაჰალ ჯგუფის" ოფისში დააკავეს, მაშინ როცა უკანონო გარიგებაში მყოფი პირისგან 10 ათასი ლარი აიღო. ამის შემდეგ ქრთამის სახით მიღებული ფული საპირფარეშოში დამალა, რომელიც ნივთმტკიცებად უკვე ამოღებულია.

ფოთში პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გამოცხადებულ ტენდერში ჰოლანდიურმა "ტაჰალ ჯგუფმა" გაიმარჯვა. მან დაიქირავა შპს "პოზიტივ ფაილი", რომლის შესრულებულ სამუშაოებსაც უკვე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის. არ არის გამორიცხული, რომ თურქული ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

გამოძიების დაწყება მოსახლეობის პრობლემას მაინც ვერ აგვარებს. ადგილობრივებს ისევ დროში ეწელბათ ის, რასაც უკვე წლებია მოითხოვენ.

სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 23 მაისს დაიწყო. დარღვევების შესახებ სუს-ის გარდა ინფორმაცია ჰქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. შეკითხვა ამ თემაზე პრემიერ-მინისტრს პარლამენტში წლიური ანგარიშის დროს ოპოზიციამ დაუსვა, დეტალები კი მაშინ დეპუტატებს მაია ცქიტიშვილმა განუმარტა.

"თაჰალ ჯგუფი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში 1952 წლიდან მუშაობს. ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიამ გამოცდილება დააგროვა ძირითადად მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მსოფლიო ბაზარზე წამყვან სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობით.

დღის ამბები