12 აგვისტო 2020,   02:16
ვრცლად
გორში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ.გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ ჰ.დ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ჰ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურამ ბრალდებულ ჰ.დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

დღის ამბები