03 აგვისტო 2020,   12:44
ვრცლად
მაღალია იმის ალბათობა, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდია ალბათობა საქართველო წინასაარჩევნოდ რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია ხალხის ცნობიერება გაიზარდოს, რომ მათ შეძლონ დეზინფორმაციისა და ზუსტი ინფორმაციის გარჩევა. 

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად აქტიური და კრეატიული არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს და ერევა ძალიან ბევრ არჩევნებში. საქართველო, რა თქმა უნდა, აშკარად ერთ-ერთი სამიზნეა.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საქართველოს სხვა მეგობრები მუშაობენ მხარდაჭერაზე. ასევე, მუშაობენ საქართველოსთან და ეხმარებიან მას, რომ მაგალითად, ხალხის ცნობიერება გაიზარდოს და ხალხმა შეძლოს დეზინფორმაციისა და ზუსტი, სწორი ინფორმაციის გარჩევა, შეძლოს ინფორმაციის შეფასება.

რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა ძალიან მაღალია იმისა, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში. განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მივდივართ, ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის.

საქართველო მოდელი და მაგალითის მიმცემი ქვეყანაა არა მარტო ამ რეგიონში, არამედ, სხვა რეგიონებისთვისაც. საქართველოში ახლახანს განხორციელდა რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებული კიბერთავდასხმა და ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ამ საკითხს, სისტემების დაცულობას ყველა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, არათუ სახელმწიფო ორგანოები,"-განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები