03 აგვისტო 2020,   13:57
ვრცლად
საჭიროა თუ არა ქალთა კვოტირება პარლამენტში - საკითხმა პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

"ვერ გავიგე, ეს საარჩევნო სიაა და დეპუტატის არჩევაა, თუ სასქესო ორგანოების არჩევნებს გვიტარებენ"-"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ასე ის ნორმა შეაფასა, რომელიც საარჩევნო კოდექსში გაიწერა და რომელმაც პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა უნდა გაზარდოს.

შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც თამარ მეფე ჰყავდა, გენდერული კვოტა მიუღებელია და უფრო მეტიც, ქალებმა ხელოვნური გზით სადეპუტატო მანდატები არ უნდა მიიღონ.

ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მომხრეა, თუმცა სავალდებულო კვოტირებაში გამოსავალს მაინც ვერ ხედავს "გაერთიანებული საქართველოს" ლიდერი. 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალისთვის სივრცე აღარ რჩება და ამას ხშირად თავად ქალებიც უწყობენ ხელს, ამიტომ - "მეტი ქალი პოლიტიკაში" - სწორედ გენდერული კვოტების შემოღებით გამოჩნდება. ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას ემხრობიან "ლელოში".

საპარლამენტო კვოტები "ევროპულის საქართველოს" ლიდერებს საბჭოთა კავშირთან და ტოტალიტარულ ქვეყნებთან ასოციაციას უჩენს. დარწმუნებულები არიან, რომ ქალთა პოლიტიკური და უფლებრივი მდგომარეობის მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან არ და ვერ დაიწყება.

ამ ფონზე "ოცნებაში" საკუთარი ინიციატივა პროგრესულ ნაბიჯად მიაჩნიათ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გენდერული ბალანსი ბუნებრივი პროცესით ვერ მიიღწევა, ამიტომ პრობლემა მოგვარდება, თუკი პარტიული სიის ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის იქნება. ამ პრინციპით პარლამენტში შესულ ქალ დეპუტატს, მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, კვლავ ქალი შეცვლის, ასევე, ბიუჯეტიდან გაზრდილ ფინანსურ 30- პროცენტიან წახალისებას მიიღებენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, ვისი პარტიული სიის ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება. 

საკანონმდებლო ორგანოში 149 დეპუტატიდან მხოლოდ 21 ქალია. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, საქართველო 106-ე ადგილს იკავებს.ევროპაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდება, ახალი ფორმულის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში 21-ის ნაცვლად უკვე 30 ქალი შევა.

დღის ამბები