21 ოქტომბერი 2020,   06:42
ვრცლად
COVID ინფექცია ციფრებში განათლების უწყებასაც შეეხო - სამინისტროს დაფინანსება 127 მილიონი ლარით მცირდება

კოვიდინფექცია ციფრებში განათლების უწყებასაც შეეხო. სამინისტროს დაფინანსება ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში 127 მილიონი ლარით მცირდება. აქედან, დაახლოებით 73 მილიონი სპორტულ და კულტურულ სფეროს აკლდება. ასევე მცირდება ინფრასტრუქტურის, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების მიმართულება და მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა.

პარლამენტის განათლების კომიტეტში ხარჯების შემცირებას ობიექტური საჭიროებით ხსნიან და ირწმუნებიან, რომ ეს დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებას არ შეეხება. 

განათლების უწყებისთვის თანხების შემცირება ობიექტური გარემოებაა კიდევ ერთი უმრავლესობის დეპუტატისთვის. გუგული მაღრაძე თანხის შემცირებასა და კოვიდინფექციას შორის სრულ კავშირს ხედავს.

განათლების უწყების შემცირებული ხარჯები სასწავლო გარემოსა და პროცესზე არ უნდა აისახოს - ასე ფიქრობენ საპარლამენტო უმცირესობაში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს ხარჯების არარაციონალურ გადანაწილებაზე მიუთითებენ. სამომავლოდ დანაკლისის დაბალანსებას ელოდებიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ამბობენ, რომ როგორც პრიორიტეტული მიმართულება, განათლების დაფინანსება ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს.

იმას, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მკვეთრად შემცირდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეც ადასტურებს, თუმცა როგორც გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას აღნიშნა, თანხების დაზოგვა ძირითადად ეკონომიის ხარჯზე მოხერხდა.

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს განათლების სამინისტროში​ პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით ხსნიან. 

პანდემიამდე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების დაფინანსება მილიარდ 900 ათასი ლარი იყო. მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტით კი, განათლების სამინისტრო 127 მილიონით ნაკლებს მიიღებს.

დღის ამბები