25 ივლისი 2021,   19:54
ვრცლად
მაშინ კვირიკაშვილი გასაკრიტიკებელი იყო, ზედმეტებში გადავედი, მაგრამ ემოციური ფონი იყო - ელისაშვილის თქმით, კვირიკაშვილი კაცურად წავიდა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თავის დროზე, ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით კრიტიკა ზედმეტი მოუვიდა. ელისაშვილმა თქვა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებდა მასთან, თუმცა კომუნიკაცია ან კომუნიკაციის მცდელობა არ ჰქონია. 

"მე ერთი ნაკლი რაც მაქვს და ჩემს თავში სულ ვებრძვი, არის ის, რომ ზედმეტები მომდის ხოლმე ხანდახან. მაშინ გასაკრიტიკებელი იყო კვირიკაშვილი. გაიხსენეთ ეს როდის ვთქვი - მაშინ, როდესაც ძალიან მძიმე ემოციური ფონი იყო: სარალიძე, მაჩალიკაშვილი შეხვედრას ითხოვდნენ და ნაპერწკლები მცვიოდა ისეთ დღეში ვიყავი. ბოდიში არ მომიხდია, მაგრამ ძალიან უღმერთოდ და დაუნდობლად  ვაკრიტიკებდი. ზედმეტებში გადავედი, კი, მაგრამ ემოციური ფონი იყო. როცა ვუყურებდი ატირებულ სარალიძის მამას, ლამის ბომბით შევვარდნილიყავი პარლამენტში.

მაშინ ემოციურად გადავაჭარბე, მაგრამ დრო გავიდა. ბავშვობაში მეგონა, რომ ლენინი კარგი კაცი იყო, ასე მასწავლიდნენ, რომ გავიზარდე, მივხვდი ვინც იყო. ცხოვრებაში რაღაცების გადაფასება ხდება, მყარი მოცემულობები ხომ არ არის? რა მომეწონა მე კვირიკაშვილის, იცით?კაცურად წავიდა თანამდებობიდან, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, პანჩურამორტყმული რომ წავიდა და 5 თითი ეტყობოდა, განსხვავებით პრემიერ -მინისტრი ბახტაძისგან, რომელიც ფეისბუქით დაგვემშვიდობა, კვირიკაშვილი წავიდა კაცურად და როგორც შეეძლო, ისე გამოიჯახუნა იქიდან კარი და ახსნა რას და როგორ ფიქრობდა.

მომეწონა ისიც, რომ ძალიან საინტერესო განცხადებები გაავრცელა. სიამოვნებით გავიდოდი მასთან კონტაქტზე და დავილაპარაკებდი. ამის მცდელობა არ მქონია. შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რაც მაშინ ვთქვი: მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი იყო, ვინც კი გვყოლია. ბახტაძეზე უკეთესი არ იყო, ღარიბაშვილზე თუ კალაძის ძმაკაც ნოღაიდელზე?!,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არაკორექტულად მოიხსენია და სკამზე ჩაბღაუჭებული გარეწარი უწოდა. 2020 წელს კი თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ყოფნას საკუთარ პარტიაში ისურვებდა.

დღის ამბები