25 ივლისი 2021,   20:30
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდნისგან მეორე მოსმენისას ორი ხმით გადარჩა - საარჩევნო მოდელის შეცვლის მეტი გარანტია გაჩნდა

საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდნისგან მეორე მოსმენისას პლუს ორი ხმით გადარჩა. ამ რისკის მიუხედავად, მრავალპარტიული პარლამენტისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი 115 დეპუტატის მხარდაჭერით გადაიდგა და ქვეყნის საარჩევნო მოდელის შეცვლის კიდევ უფრო მეტი გარანტია გაჩნდა.

ცვლილებები მრავალპარტიული კონსენსუსით, თუმცა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე - პროექტს ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" ხმებთან ერთად "ევროპული საქართველოს" 20 ხმაც დააკლდა. საპარლამენტო ოპოზიციური ფლანგი კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლების მოლოდინშია, რაც ორი საპარლამენტო ფრაქციის ისტორიული პროცესებიდან გამოთიშვის მთავარ არგუმენტად რჩება. პირობის  შესასრულებლად კი ხელისუფლებას ვადას ამჯერად უკვე მესამე მოსმენამდე აძლევენ.

პოლიტიკური დემარშის პირობებშიც ხმების საჭირო რაოდენობას რომ შეაგროვებდნენ, ამაში დარწმუნებულები იყვნენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები დღეს ამტკიცებენ, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი თვის ბოლოს საარჩევნო სისტემის ცვლილებით დასრულდება. ოპონენტების გადაწყვეტილებაში კი კვლავ დესტრუქციულ ქმედებებს ხედავენ და მათ 8 მარტის შეთანხმებიდან გასვლაში ადანაშაულებენ.

ყველა პოლიტიკური მოთამაშე საკუთარ წვლილს ხედავს იმ ისტორიულ პროცესებში, რომლებიც ახლა უმაღლეს საკონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს ამბობდნენ, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს პროექტი ჩაგდებისგან და მმართველ გუნდს ნაბიჯი გადაადგმევინეს პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ. მათი მხრიდან დღეს კრიტიკაც ისმოდა იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, ვინც ესწრებოდა მოლაპარაკებებს და პასუხისმგებლობაც აიღო, თუმცა საბოლოოდ კენჭისყრაში მათი ხმები არ აისახა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრებს კიდევ ერთი არგუმენტი ჰქონდათ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირათ. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობის წევრებისთვის ერთგვარი გარანტიაა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომ რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში კვლავ შერეული სისტემით ჩატარდეს.

საკონსტიტუციო პროექტს დღესაც ჰყავდა მოწინააღმდეგეები, ამჯერად 3 დეპუტატის სახით. წითელი ღილაკი კახა ოქრიაშვილმა, ალექსანდრე ერქვანიამ და ნატო ჩხეიძემ გამოიყენეს. სხდომას არ ესწრებოდა ადა მარშანია. სხდომათა დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობისგან ამჯერად თავი შეიკავა ბიძინა გეგიძემ, რომელიც ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ქუჩის აქციების, პოლიტიკური დაპირისპირებისა და მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ელჩების ძალისხმევით - დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ მმართველ გუნდს პროპორციულთან დაახლოებული სისტემის მხარდაჭერა მოუწია. ქვეყანა ახალ საარჩევნო სისტემაზე, სავარაუდოდ, მალე გადავა.

დღის ამბები