25 ივლისი 2021,   20:16
ვრცლად
ქართველი ხალხის ბრძოლამ, ოპოზიციის ერთიანობამ, საერთაშორისო მხარდაჭერამ აიძულა ოლიგარქი მიეღო ცვლილებები - არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია. პარლამენტში კენჭისყრას მხოლოდ უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ. საპარლამენტო ოპოზიცია, პირველი მოსმენისგან განსხვავებით, დღევანდელ კენჭისყრაზე აღარ შევიდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ოპოზიციის ერთობამ და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევამ აიძულა მმართველი გუნდი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღების პროცესს დაუბრუნდა.

"ქართველი ხალხის დაუღალავმა ბრძოლამ, ოპოზიციის ერთიანობამ, საერთაშორისო მხარდაჭერამ აიძულა ოლიგარქი, მიეღო ეს ცვლილებები, რომელიც ქმნის სულ სხვა პოლიტიკურ რეალობას. უპირველეს ყოვლისა, ეს უზრუნველყოფს მის დამარცხებას არჩევნებში, ხელისუფლებიდან გაძევებას. და მეორე, ეს მახინჯი ოლიგარქატი, რომელიც მაჟორიტარების სახით ადგილობრივი მინიოლიგარქები, რომლებიც პოლიტიკაში ერეოდნენ და მას იყენებდნენ საკუთარი კეთილდღეობისათვის და მუდმივად იყვნენ ხელისუფლების ნავში, მხოლოდ თავად ყოფილიყვნენ კარგად და წაეგლიჯათ ამ ქვეყნისთვის მილიარდები - მათი ეპოქა სრულდება, იქნება კოალიციური მთავრობა," - განაცხადა გიორგი გუგავამ.

"რომ არა ეს ერთობა, გამორიცხულია, რომ "ქართული ოცნება" დაბრუნებოდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვას. რომ არა ეს ერთობა, სრულად განსხვავებული, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისაც კი, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ შეძლებდა ასე აქტიურად ჩართულიყო ამ პროცესში.

ბატონი რურუას გვარი იყო შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გვარებს, არამედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ადამიანი პირობას დებს და მით უმეტეს სახელისუფლებო ძალა, ეს პირობა ბოლომდე უნდა შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების სრული ფიასკო და აბსოლუტური უტვინობა არის, რომ თავის მხრებზე პოლიტიკური პატიმრების ტვირთი აიკიდა," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

"შეთანხმება, ჩემი აზრით, შესრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც იმ პირობით, რა პირობითაც დანარჩენი 2 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, გათავისუფლდება რურუა და საარჩევნო ცვლილებები იქნება მიღებული. როდის რომელი მოხდება, ჩემი აზრით, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, მაგრამ არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. 

დღის ამბები