25 ივლისი 2021,   18:49
ვრცლად
ჩვილის გაყიდვის საქმე - შესაძლოა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წყვილმა შვილი დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ გაყიდა

ჩვილის გაყიდვის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წყვილმა საკუთარი შვილი დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ გაყიდა. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს, მეზობლები კი ადასტურებენ, რომ ქალი აქამდეც იყო ფეხმძიმედ, თუმცა ბავშვი სახლში არ მიუყვანია. ჯერჯერობით, უცნობია, აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს, მათთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. გამომძიებლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უახლოეს დროში ელოდებიან.

ვერსია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, წამოვიდა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ამ ქალთან ჰქონდათ შეხება. მათი თქმით, ქალი ერთი წლის წინაც ორსულად იყო და მშობიარობისთვის დუშეთიდან თბილისში ჩავიდა, უკან დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ ბავშვი აღსაზრდელად ბებიას დაუტოვა.

"ბიჭი ჰყავთ ერთი, არ ვიცი რამდენი წლის არის, მერე იყო ფეხმძიმედ და მეორე ბავშვი არ გვინახავს, დედასთან მყავს დატოვილიო, ახლა ფეხმძიმედ არის კიდევ საავადმყოფო ფურცელი მოიტანა გავიდა შვებულებაში აპრილის თვეში. მას შემდეგ არაფერი მსმენია, ახლა გავიგე მიზეზი, რის გამოც დააკავეს," - აცხადებს დაკავებული ქალის თანამშრომელი.

ბავშვი ამ დროისთვის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა:

"ჩართული იქნა ჩვენი სამსახური აღნიშნულ შემთხვევაში, კერძოდ, სოციალური მუშაკი. მოხდება შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ წუთში ბავშვი მინდობით აღზრდაში იმყოფება და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არის," - აცხადებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინა და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით,  ბავშვის გაყიდვა განიზრახა. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც, ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და დაბადების მოწმობა აიღო. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც ისინი დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დღის ამბები