25 სექტემბერი 2021,   10:00
ვრცლად
სპეციალისტების ვარაუდით, თუ ყოველდღიურად ვირუსის დადასტურებული შემთხვევა 20-ს გასცდა, შესაძლოა შეზღუდვების დაწესება კვლავ საჭირო გახდეს

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესახებ პროგნოზს სპეციალისტები ბოლო სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე აკეთებენ. მეტი შემთხვევა მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, პანდემიის პირობებში ნასწავლი უნარ-ჩვევები არ დაივიწყონ, რადგან ამის აუცილებლობა უცნობი წყაროებით დაინფიცირების მომეტებული შემთხვევების გამო დგას.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომლის დაინფიცირების ადგილსა და მიზეზებს სპეციალისტები სწავლობენ, ჟვანიას სახელობის კლინიკას უკავშირდება. ინფიცირებული 70 წლამდე მამაკაცია, რომელიც ამ დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელია. კლინიკის მთავარ ეკონომისტს, COVID-19 მხოლოდ განმეორებითი ტესტირების შემდეგ დაუდგინდა, თუმცა მანამდე მას შეხება ადმინისტრაციის 12 თანამშრომელთან ჰქონდა. ყველა მათგანი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. 

დაინფიცირების უცნობი წყარო, შესაძლოა, კახეთის რეგიონისთვის მწვანე ზონის სტატუსის შეჩერების მიზეზიც გახდეს. საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა, COVID-ტესტზე დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისთვის მისი 18 კონტაქტია მოძიებული.

გორში კი კორონავირუსი "ემბავუდის" დაინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრსაც დაუდასტურდა. ის ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს. ამჟამად, მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელ ხიდისთავშიც, სადაც ინფიცირებული 29 წლის მედდა, თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდა. ქუთაისში კი საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, ისინი სატვირთო მანქანების მძღოლები არიან.

საერთაშორისო საზღვრების გახსნის მოახლოებასთან ერთად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სოციალური რეგულაციების დაცვას ალტერნატივა არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 20-ს გასცდა, ისინი შეზღუდვების სრულად, ან ნაწილობრივ დაწესებასაც არ გამორიცხავენ.

ის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა აკრძალვების მოხსნასთან ერთად გაიზრდებოდა, მთავრობის წარმომადგენლებიც ელოდნენ. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ურჩევს, რომ ვირუსის მართვა ისწავლონ.

ბოლო მონაცემებით, COVID ცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები