25 სექტემბერი 2021,   15:33
ვრცლად
აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი.

მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს წყლის 10 დასხმა.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები,"- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები