25 სექტემბერი 2021,   17:03
ვრცლად
სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე - ვერსია ნარკოდანაშაულზე არ დასტურდება

საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე, დღეს სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული. ოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა, ამიტომ, უკვე ფაქტია, რომ ეს რიგითი კრიმინალური საქმე არ არის.

უკვე ცნობილია, რომ დაკავებულია ერთი პირი, ეთნიკურად ჩეჩენი, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა ბინიდან, რომელსაც ეჭვმიტანილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქირაობდა, სხვადასხვა ნივთი ამოიღეს, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა.

ვერსია, რომელიც თავდაპირველად ვრცელდებოდა, თითქოს ეს იყო ნარკოდანაშაული, არ დასტურდება. რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, ჯერჯერობით, უცნობია.

დღეს ქავთარაძის 14 ნომერში, "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კორპუსში, 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმის წარმომადგენლები და სამართალდამცავები  იმყოფებოდნენ. საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელები მთლიანად იყო გადაკეტილი. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 1 პირი.

ამ დროისთვის დაკავებული მამაკაცი სუს-ის სამსახურში იმყოფება. მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.

დღის ამბები