25 სექტემბერი 2021,   09:40
ვრცლად
პანდემია და არჩევნები - იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღა არჩევნების თარიღზე 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი დავით ერისთავი მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე ეპიდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღა და საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადების ალბათობა ხელისუფლებას არჩევნების გადავადების შესაძლებლობას უჩენს. ეს კი კონკრეტულ რისკებთანაა დაკავშირებული.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პანდემიამ ხელი არჩევნების ჩატარებას ნაკლებად შეუშალოს და მოქალაქეებმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება შეუფერხებლად გამოიყენონ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების პანდემიის პირობებში ჩატარების გამოცდილება არ აქვს. შესაბამისად, ზუსტი პასუხი კითხვაზე, როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კარანტინში მყოფი პირი ან ის ადამიანი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, ჯერ არ არსებობს. საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ცესკო ყურადღებას უსაფრთხოების ზომების დაცვაზე ამახვილებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობა პანდემიას ძალაუფლების გახარნგრძლივებისთვის გამოიყენებს. ოპოზიციონერი დეპუტატები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ ამ ეტაპზე საქართველო ეპიდემიას აკონტროლებს და სიტუაციის შედარებით გაუარესების შემთხვევაშიც, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი იქნება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს არ სვამენ და მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობენ. მართალია, სამთავრობო გუნდში კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს, თუმცა ისინი დარწმუნებული არიან, რომ ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება კარანტინშიც, სტაციონარშიც და საარჩევნო უბანზეც.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, საარჩევნო წლის ოქტომბერში იმართება.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები