21 ოქტომბერი 2020,   05:58
ვრცლად
დავა "ლიდერფუდის" წილებზე - ოჯახური ბიზნესი და სიძე-სიმამრის დაპირისპირება სასამართლომდე მივიდა

საქმე, რომელმაც ორი ინსტანცია გაიარა და ახლა უკვე უზენაეს სასამართლოშია, კომპანია "ლიდერფუდის" წილებზე დავას უკავშირდება. ოჯახური ბიზნესი და სიძე-სიმამრის დაპირისპირება სასამართლომდე ირაკლი დუმბაძემ, "ლიდერფუდის" დამფუძნებელმა მიიტანა. მან სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, 1 მილიონ ლარად შეფასებული კომპანიის 50%-იანი წილის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ქონების რეალური ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია, თუმცა შანტაჟისა და დაშინების შემდეგ მან სიმამრს, დავით ზეიკიძეს ძვირადღირებული ქონება 1 მილიონ ლარად დაუთმო - თანხის გადახდა არ მოხდა და შეთანხმებაც მალევე დაირღვა. "კურიერთან" საუბრისას ბიზნესმენი იხსენებს დეტალებს, როცა სიმამრი სარჩელის გაუქმებას ისევ დაშინებისა და ზეწოლის გზით ცდილობდა. საქმე ახლა პროკურატურაშია. 

საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ ორივე ინსტანციაში ირაკლი დუმბაძე გაამართლა. მის ინტერესებს უკვე წლებია "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია იცავს. 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ კომპანია "ლიდერფუდის" 50%იანი წილი მის თავდაპირველ მფლობელს ირაკლი დუმბაძეს მიაკუთვნა, ზეიკიძის ადვოკატი დავას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს. დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესდავის სიღრმეებში ჩასვლას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ სარჩელი, რომელიც პაატა სალიამ საქალაქო სასამართლოში შეიტანა, ზეიკიძეს არ ჩაბარებია და 10 დღიანი კანონით მინიჭებული საპასუხო ვადაც სწორედ ამიტომ დაირღვა.

სასამართლომ, ადვოკატის მტკიცებით, უკანონო და კორუფციული გადაწყვეტილება დაუსწრებლად მიიღო. სარჩელის ჩაუბარებლობის დასამტკიცებლად არჩილ კბილაშვილი ვიდეომასალაზე საუბრობს. ადვოკატი ამბობს, რომ ზეიკიძესთან კურიერმა 49 გვერდიანი დოკუმენტის ნაცვლად 2 ფურცლიანი გაფრთხილების განცხადება მიიტანა.

ექსპერტიზის დასკვნის გარდა ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, საქმის მასალებში დევს დავით ზეიკიძის კაბინეტის სათვალთვალო კამერიდან ამოღებული მასალაც, სადაც ჩანს როგორ შეაქვთ ბიზნესმენის ოთახში სასამართლოდან გამოგზავნილი და კურიერის მიერ მიტანილი კონვერტი. დასკვნით დგინდება რომ აღნიშნული დოკუმენტის ვიზუალი შეესაბამება 49 ფურცლიან კონვერტის ვიზუალს. ირაკლი დუმბაძის ადვოკატის თქმით, ვერსია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელის შესახებ არ იცოდა სწორედ აქ ბათილდება.

გარდა შანტაჟი და მუქარისა რუსთავი 2-ის დირექტორი ბიზნესმენ დავით ზეიკიძეს ფარულ მოსმენაშიც ადანაშაულებს, რომლის შესახებაც სალიას თქმით მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა, ამ საქმესაც ახლა პროკურატურა იძიებს.

კომპანია რომელზეც ახლა ბიზნეს დავა მიმდინარეობს 2008 წელს ირაკლი დუმბაძე დააფუძნა," ლიდერფუდის" 50 %ის მფლობელი ბიზნესმენის მაზლია, დარჩენილი 50%-ის კი თავად დუმბაძეა. ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დავა რომელიც ბიზნესმენების ოჯახებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დღის ამბები