21 ოქტომბერი 2020,   06:47
ვრცლად
ახალი არტეფაქტები - გუდიაშვილის მოედანზე მე-10 და მე-11 საუკუნის მოჭიქული ჭურჭელი აღმოაჩინეს

ახალი არტეფაქტები რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი შენობის სარდაფში აღმოაჩინეს. 11-მდე ნივთი, მათ შორის, თასის ფორმის ჭურჭელი და ჭრაქები თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორნამენტები და ჭურჭელზე დატანილი სიუჟეტები, რომელიც თითქმის არ მეორდება.   მოჭიქული კერამიკა დამახასიათებელი იყო შუასაუკუნეების პერიოდისთვის.

ეს და რამდენიმე თვის წინ აღმოჩენილი ნივთები დაახლოებით მე-11 - მე-12 საუკუნით თარიღდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გუდიაშვილის მოედანზე უძველესი შენობა-ნაგებობების მიწის ქვეშ ახალი და აქამდე უცნობი ისტორია იმალება. მოედნის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი ნივთი მკვლევრებსა და არქეოლოგებს გადაეცემათ უფრო მეტი სიზუსტისთვის, რის შემდგომაც  საბოლოოდ დათარიღდება.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე "ახალი ტფილისის", "მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში დაიწყო, რამდენიმე თვეში პირველ ეტაპს დაასრულებს, რაც 14 შენობა-ნაგებობის სრულ აღდგენა-განახლებას გულისხმობს.

მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი და რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომლებიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია და გამწვანება. საბოლოო სახით პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები