21 ოქტომბერი 2020,   06:10
ვრცლად
10 წლიანი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ - ვასილ როინიშვილის არჩევას ოპოზიცია და მესამე სექტორი აკრიტიკებენ

საკუთარი საქმეებით კანდიდატი პლენუმის 22 წევრის წინაშე წარდგა, საიდანაც 19 მათგანის მხარდაჭერა მოიპოვა. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში იქნება, რაშიც მისი თქმით, პროფესიული გამოცდილება დაეხმარება. სასამართლოს თავმჯდომარეობის შეთავაზება კი მისთვის ნაკლებად მოსალოდნელია. ვასილ როინიშვილმა დღეს ე.წ. კლანის წევრებთან კავშირებზე ბრალდებებსაც უპასუხა და დაადასტურა, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრობს.

სხდომას არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების იურისტებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პლენუმის მიერ წინასწარ შეთანხმებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. მათი კრიტიკა დღეს მოსამართლის დანიშვნის პროცედურებმა დაიმსახურა.

პლენუმის დღევანდელი გადაწყვეტილება ე.წ. კლანის ძალაუფლების შენარჩუნების მორიგი მაგალითია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის.

სასამართლო სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებსა და საჭირო ცვლილებებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რასაც უმრავლესობა ოპონენტების ჩვეულ დემაგოგიად აღიქვამს.

ახალმა მოსამართლემ 15 ივნისის შემდეგ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე უნდა ჩაანაცვლოს, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება ეწურება. ზაზა თავაძე სამოსამართლეო საქმიანობის დასრულების შემდეგ სასამართლო სისტემიდან წასვლას აპირებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი თავმჯდომარე მისი 9 წევრისგან უნდა შეირჩეს. კანდიდატურის წარდგენის უფლება სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში აქვს.

დღის ამბები