24 ოქტომბერი 2020,   02:01
ვრცლად
ჩამობრძანდნენ ნახონ, როგორ ვმუშაობთ - ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე ლუგართან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ცენტრზე რუსეთის კრიტიკა მიანიშნებს იმაზე თუ რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ევროპული და არა რუსეთისკენ მიმართული.

"დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. მათ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწიეს ჩვენს ქვეყანას, რომ შეიქმნა ქვეყანაში დიდი, ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული ზედამხედველობის კომპლექსი, რომელსაც სათავეში ლუგარის ცენტრი უდგას. მათ გადაამზადეს დიდი რაოდენობით ადამიანები და დღეს, პანდემიის დროს, გამოჩნდა თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში.

ვიცით, რა მდგომარეობაა დღეს იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ ბრალს გვდებს ლუგართან დაკავშირებით. რუსეთი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ჩამობრძანდნენ, ნახონ, როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა. ლუგარში ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ამ ცენტრის ყველა სართული და ჩაწერილი აქვთ თითქმის ყველა თანამშრომელთან ინტერვიუები. არაფერი დამალული არ არის, ჩვენ ძალიან გამჭვირვალე ვართ. 

არანაირი საფრთხე არ არის. სანამ ამ ცენტრში ჩვენ ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის შესაძლებლობები გვექნებოდა, ადრე დასადასტურებლად რუსეთში ვაგზავნიდით, დღეს უკვე ყველაფერი ჩვენთან კეთდება. მათი კრიტიკა მიანიშნებს იმაზე თუ რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ევროპული და არა რუსეთისკენ მიმართული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევის წინაშე დააყენა მთლიანად მსოფლიო ამ პანდემიამ და რა გვაჩვენა ამ გამოწვევებმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უმთავრესი, რაც ამ პერიოდში მსოფლიომ ისწავლა არის ის, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, სრული მზადყოფნა უნდა იყოს მსგავს საკითხებზე. 

"ამ პანდემიამ მსოფლიოს ანახა, რომ მზადყოფნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი საფრთხეებისადმი არის და იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამოჩნდა ის, რომ მზადყოფნა ყველაზე მთავარია ასეთ დროს. გამოწვევები კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა. ეს დიდხანს დარჩება იმიტომ, რომ მოხდა ვირუსის მუტაცია და ვირუსის ქცევა მეცნიერებამ ჯერ კარგად არ იცის. 

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, აუცილებელია, რამდენიმე მთავარი გზავნილის დამახსოვრება. ეს გახლავთ - სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა. აუცილებელი იქნება მომავალი თვეებისა და შესაძლოა წლის განმავლობაშიც აუცილებელი იყოს პირბადის გამოყენება. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. 

 

 

დღის ამბები