24 ოქტომბერი 2020,   02:24
ვრცლად
"არ შეიძლება, ფეხებზე ეკიდოს წესები და მერე ითხოვდეს წესების იმ ნაწილის შესრულებას, რომელიც მას აწყობს" - პოლიტიკოსები რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ერთის მხრივ, საქართველო "ღია ცის" შეთანხმების დარღვევაშია დადანაშაულებული და, მეორეს მხრივ, გამოთქმულია მზადყოფნა, საქართველოს საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში სადამკვირვებლო მისია დაუშვას, თუ თბილისი მოსკოვს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს, ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არსებული პოზიციის შენარჩუნება საქართველოს ეროვნული ინტერესია და არ უნდა დათმოს.

"არ შეიძლება, იქცეოდეს ისე, რომ ფეხებზე ეკიდოს წესები და მერე თვითონ ითხოვდეს ამ წესების იმ ნაწილის შესრულებას, რომელიც მას აწყობს. ამიტომ, ეს პოზიცია არის სწორი, ეს გადაწყვეტილება, თავის დროზე, მიღებულია საქართველოსთვის ძალიან მძიმე ვითარებაში, როცა რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო ასე აშკარა საფრთხედ მიჩნეული თავისუფალი სამყაროსთვის და ახლა ეს პოზიცია უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იმავე აზრზეა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილიც. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოზიციების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

"ვერანაირ დათმობაზე საქართველო ვერ წავა, რადგან ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, მათზე ჩვენი სუვერენული უფლების დათმობას. ასევე, არღვევს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმდა 2008 წელს. ეს არის პრინციპული საკითხი და რუსეთმა ძალიან კარგად იცის ეს,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საკითხს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდიდანაც. გია ვოლსკი აცხადებს, რომ თემას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. 

"ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები არის მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი. მაგრამ, ჩემთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გიჭერს პოლიტიკურად და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ სწორედაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ დაშვებამ განაპირობა აშშ-ის შესაბამისი ნაბიჯები,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან დააყენა ორი პირობა, ერთი - ლუგარში რუსი ექსპერტების დაშვება და მეორე - რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში სადამკვირვებლო მისია დაუშვას, თუ თბილისი მოსკოვს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. საუბარია სადამკვირვებლო ფრენებზე. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს "ღია ცის" შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებს და საქართველოს პოზიციას დესტრუქციულს უწოდებს.

უწყებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს "ღია ცის" ხელშეკრულებას და ცდილობს ის გამოიყენოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარებისთვის. 

დღის ამბები