24 ოქტომბერი 2020,   02:29
ვრცლად
"მთავრობას არ უნდა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი ინტერაქტიული იყოს" - სერგი კაპანაძე გიორგი გახარიასგან პასუხების მიღებას არ ელის

გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე სიტყვით წარსდგა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რის საფუძველზე და რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ, ჯერ კიდევ ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემდეგ და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. მოგვიანებით კი ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.  

მანამდე კი, ხელისუფლების ოპონენტები შეფასებებს აკეთებენ. სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასგან პასუხების მიღების ილუზია არ აქვს, თუმცა მაინც შეეცდება ოპოზიცია, საზოგადოებას ის პრობლემები დაანახოს, რაც დღეს ქვეყანაშია და რომელიც მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობას უკავშირდება. 

"პრემიერმა დღეს ისაუბრა მის წარმატებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს გეგმა არავითარ შემთხვევაში არ არის წარმატებული. უამრავი შემთხვა გვაქვს, როდესაც სელექციურად ხდებოდა გამორჩევა ბიზნესების, რომლებიც სარგებლობდნენ ამ გეგმით. ასევე, ხდებოდა ჯარიმების ადმინისტრირება სელექციურად, ძალიან დიდი პრობლემაა ისიც, რომ მან არ შეამცირა გადასახადები და ამით არ შეუქმნა უკეთესი პირობები არც ბიზნესებს და არც კრიზისით დაზარალებულ ადამიანებს.

პრემიერი არ აპირებს, ადამიანებს უკან დაუბრუნოს დაგროვებული საპენსიო თანხები. ასევე, ძალიან ბევრი კითხვაა ჩვენი მხრიდან ნეპოტიზმსა და კორუფციასთან დაკავშირებითაც. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრმა ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა კომპანიამ თუ პირმა, ჯიბე გაისქელა. სამწუხაროდ, მთავრობას არ უნდა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი ინტერაქტიული იყოს. პასუხები არ იქნება რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ილუზია არც გვაქვს. თუმცა, შევეცდებით, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ მმართველობას უკავშირდება, ვაჩვენოთ საზოგადოებას," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" რეგიონების წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ ბიუჯეტზეც ისაუბრა, რომელიც დღეს, პრემიერს პარლამენტში არ მიუტანია. 

"როდესაც პარლამენტში მოდიხარ და აპირებ ამხელა გეგმის განხორციელებას და თან, როდესაც ამბობ, რომ თანხები დაიხარჯება და ამავდროულად, 3 თვის განმავლობაში არ მოგიტანია ბიუჯეტი პარლამენტში, ასევე, როდესაც შენი გუნდის წევრი ამბობს, რომ თურმე ბიუჯეტს შესამუშავებლად დიდი ხანი სჭირდება - ეს ძალიან დიდი პრობლემაა. თუმცა ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არის,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები