24 ოქტომბერი 2020,   01:46
ვრცლად
პრემიერი ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს იმ შრომის ხარჯზე, რომელიც ჩვენმა ექიმებმა გასწიეს - თინათინ ბოკუჩავა

პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით პარლამენტში იმყოფებიან. გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე სიტყვით წარდგა. საათისა და ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა მისი მოხსენება, რომელიც თავიდან ბოლომდე ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მოქმედებებს.

პოლიტიკოსებმა პრემიერის გამოსვლის პირველი შეფასებები გააკეთეს. თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, მთავრობის მეთაურის პარლამენტში გამოსვლა და მისი სიტყვები მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა პოლიტიკური ქულების დაწერას. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერი ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს იმ შრომის ხარჯზე, რომელიც ჩვენმა ექიმებმა გასწიეს და ასევე იმ უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ადამიანებმა, რომელთა გამოც გვაქვს ეპიდემიოლოგიურად ეს შედეგი. ჩვენი ძირითადი კითხვები იყო ეკონომიკაზე, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მათ შორის, გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში - ბავშვებში და პენსიონერებში. 

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ვკითხეთ და მართლა მაინტერესებს რა პასუხს გაგვცემს ამაზე - 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია საქართველოს არც ერთ მოქალაქეს. ეს გამოიწვია მათმა უუნარობამ და იმან, რომ ასეთი გამოწვევის დროსაც კი, საკუთარი ჯიბის გასქელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, კომპანია "ჯიბეს", რომელიც მართლაც პირდაპირი გაგებით ჯიბის გასქელებას ემსახურებოდა, მონოპოლია ჰქონდა აგროპროდუქტების გამოტანაზე. მაშინ, როდესაც 100 000-ობით ადამიანი გაჩერებული ეკონომიკის გამო სახლში იყო გამოკეტილი და შიმშილს ებრძოდა, მათ ისევ და ისევ საკუთარი ბიზნესის გამდიდრებისთვის გამოიყენეს. რეალურად კი, არანაირი გეგმა არ აქვთ იმისათვის, რომ სიღარიბე დაამარცხონ. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დღეს გიორგი გახარიამ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები