24 ოქტომბერი 2020,   02:16
ვრცლად
შესაძლოა, ტრანსპორტში გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა მოხდეს - თბილისის ვიცემერი

29 მაისიდან ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. იხსნება ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო. ამუშავდება ახალი წესები, რომელთა დაცვაც მოქალაქეებს მოუწევთ.

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შესაძლოა მოხდეს ტრანსპორტში გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა. ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ გარკვეულ შეზღუდვათა შორის ასევე იქნება მძღოლსა და მგზავრს შორის ბარიერი, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

"გარკვეული შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რომ მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში.

ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება.

ჯერჯერობით ახალი გადაწყვეტილებაა, მეც ახლა მივიღე ამაზე დავალება და თათბირიდან ახლა გამოვედი. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს გადავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

როგორც შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი აცხადებს, მეტროს შესასვლელებში პირბადეებით შემსვლელი მგზავრების მონიტორინგი განხორციელდება.

"მეტროს რაც შეეხება, დაგეგმილია, რომ შესასვლელში მონიტორინგი განხორციელდეს პირბადეებით შემსვლელი მგზავრების ნაწილში. ვიმედოვნებთ, რომ საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება ამ მონიტორინგში.

ხოლო რაც შეეხება ავტობუსების ნაწილს, ჩვენ გვყავს კონდუქტორები ავტობუსებში და მათ ძირითადი ფუნქცია ექნებათ, რომ მათ შორის გააკონტროლონ მგზავრის პირბადით მგზავრობა," – აცხადებს გიორგი შარკოვი.

მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმება. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ტაქსით, მანქანით სარგებლობის საშუალება ყველას არ გააჩნია. თუმცა არიან მოქალაქეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება ნაადრევი იყო.

დღის ამბები