23 ოქტომბერი 2020,   01:10
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე - ურთიერთბრალდებები და საპირისპირო განცხადებები უფლებადამცველების მხრიდან 

საქართველოს პირველი ჩოგნის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ჩართული უფლებადამცველები კვლავ ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან. როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი აცხადებს, ყოფილი ცოლის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოწვევა და ფსიქოლოგიური ძალადობა დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა.

ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ სასამართლოზე ის ბასილაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"ბოლო წლები იმხელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო ბატონი ნიკოლოზი. როდესაც სპორტსმენი ხარ, ბუნებრივია, რო ფსიქიკური მდგომარეობაც უნდა გქონდეს ჯანსაღი და არ უნდა იყო მუდმივად იმის მოლოდინში, რომ შეიძლება ვიღაცამ დაგაშანტაჟოს ან შეიძლება ვიღაცა თავს დაგესხას. წარმოვადგენთ ძალიან ბევრ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობას. თქვეს, რომ თურმე სადღაც კონსპირაციულ ადგილზე უძალადია ნიკოლოზს თავის მეუღლეზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვს ნელი დოროყაშვილის ადვოკატს. ის ცნობილი სპორტსმენის მხრიდან ცოლზე სისტემატიურ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს, რომელსაც არაერთი მოწმე ჰყავს. ანა აბაშიძე ამტკიცებს, რომ არსებობს ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალებიც.

"ნელ-ნელა სტრატეგიებს ცვლიან. ახლა მაგალითად, პირველად გავიგეთ ეთერში, რომ თურმე მოძალადეა ქალბატონი ნელი. არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც საუბრობენ, რა ხდებოდა და რა მოხდა იქ, არსებობს წინარე ისტორია, რომელიც მიუთითებს, რომ არის სისტემატიური ძალადობა. საქმეში მინიმუმ 2 სხვადასხვა ვიდეო კამერაზეა ლაპარაკი და ორ სხვადასხვა ჩანაწერზე. ის, რასაც ამბობს, ეს არის საქართველოში სახლის წინ მეზობლის კამერა, სადაც აბსოლუტურად არ ჩანან ადამიანები, არსებობს სხვა ჩანაწერი, ეს მან ძალიან კარგად იცის, სადაც ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, კარგად ისმის ყველაფერი და იქ არის ფიზიკური ძალადობის დეტალები," - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ.

 

  

დღის ამბები