23 ოქტომბერი 2020,   00:34
ვრცლად
ამ ვითარებაში თვითმხილველი მოწმე 5 წლის ბავშვია, რომელმაც ეს ყველაფერი ილაპარაკა - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა დეტალურად აღწერა  ეპიზოდი, როდესაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ძალადობის ფაქტი მოხდა. ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს. 

"ბატონი ნიკოლოზი მივიდა დედის სახლში, სადაც ბავშვი ეზოში იყო, თამაშობდა და სთხოვა, რომ წავიყვანო. კი ბატონო, მისი მონახულების დღე იყო, ხელი არავის შეუშლია. უბრალოდ, ბავშვი არ მიყვებოდა მამას და ითხოვდა დედასთან წასვლას. ამ დროს, ქალბატონი ნელი რეკავს სოციალურ მუშაკთან. ამოღებულია ეს ზარი და დევს საქმეში. რეკავს და ეუბნება, მამას არ მიჰყვება და რა გავაკეთო, თქვენ ხომ არ გაჰყვებოდით, რომ დაეხმაროთ ურთიერთობაში, რადგან ყველამ იცის, რომ გართულებულია ურთიერთობა, ერთი ღამეც არ დარჩენილა ბავშვი მამასთან არასოდეს. სოცმუშაკმა უთხრა, რომ მე არ ჩავერევი და უთხარი, რომ მას მიაკითხავო. ასეც მოხდა. ბავშვი გაყვა მამას ეზოდან. გარკვეული დროის შემდეგ, ბასილაშვილი ურეკავს ქალბატონ ნელის სთხოვს, რომ ტანსაცმელი მიაწოდოს შვილს. აიღო ქალბატონმა ნელიმ ტანსაცმელი და სწორედ ამ მიზნით მიდის ნიკოლოზთან, არ შედის ეზოში, ეძახის, რომ გარეთ გამოვიდეს. ამის შემდეგ რა ხდება - გამოდის ნიკოლოზი, ბავშვს სვამს მანქანაში, მანქანას კეტავს და აპირებს წასვლას. როცა დედა ეკითხება, სად მიგყავს ბავშვი, ეუბნება, რომ ვიღაცასთან (სახელს არ ვიტყვი). ამ დროს, ბავშვი ითხოვს მანქანიდან გადმოსვლას და დედასთან უნდა. ბავშვი იმდენად ითხოვს დედასთან, აღელდა, ტირილი დაიწყო. მოწმე ვინ იქნება - გამოვიყენებთ ბატონი ბასილაშვილის მშობლებს მოწმედ, რომლებზეც ორდერია გამოცემული? მოწმე იცით ვინ არის ამ სიტუაციაში? თვითმხილველი მოწმე - 5 წლის ბავშვი, რომელმაც ეს ყველაფერი ილაპარაკა,"-განაცხადა ადვოკატმა.

ანა აბაშიძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გამოიწერა ორდერი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე და კონკრეტულად, რა ეპიზოდში იძალადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე.

"როდესაც ბავშვი ითხოვს დედასთან გადმოსვლას, ბატონი ნიკოლოზი კარს არ აღებს, ბავშვი ვარდება ისტერიკაში, ხდება ცუდად, დედას გადმოჰყავს ეს ბავშვი, შეჰყავს ეზოში ატირებული, ისტერიკაში მყოფი ბავშვი, რომ მივიდეს წყალთან და დაალევინოს, დაამშვიდოს. ეს არის მიზანი, რისთვისაც შედის ამ სივრცეში და არა შეჭრა. ამ დროს ხდება ბაბუის ეპიზოდი - როდესაც ხედავს ადამიანებს თავის საკუთრებაში, კამერებზე ეს არ არის დაფიქსირებული, რადგან კამერა არ უყურებს ეზოს. ამ დროს ბატონი ნიკოლოზის მამა იწყებს გინებას, ბავშვის და დედის მიმართულებით და ყვირილს, რომ გავიდნენ მისი ეზოდან. ამ დროს ხელში იღებს გარკვეულ ნივთს, ემუქრება და მოემართება გინებით. ეს ესმოდა ბატონ ბასილაშვილსაც და იყო ძალიან აღელვებული ამის გამო. ამის შემდეგ, დედა კიდებს ბავშვს ხელს, იხუტებს და გამორბის სახლიდან, იმიტომ, რომ მუქარაა, პრაქტიკულად, ფიზიკური დაზიანების. ამ გამოსვლის დროს აყენებს სწორედ ბატონი ნიკოლოზი ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბავშვი მათთან ერთად არის ამ დროს და ამას ჰყვება,"-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები