23 ოქტომბერი 2020,   00:33
ვრცლად
102 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადებიდან - კორონავირუსის გამო დღემ უჩვეულოდ, სახალხო ზეიმის გარეშე ჩაიარა

საქართველოს ეროვნული ჰიმნი ამჯერად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შესრულდა. ზუსტად 102 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა დაიბადა. ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნებოდა, მაგრამ კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ნაცვლად წელს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე მთავრობა და მხედრობაც მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიკრიბა, დღემ კი უჩვეულოდ, სახალხო ზეიმის გარეშე ჩაიარა.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთავარსარდალმა, პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს. პირველი პირების გამოსვლების მთავარი აქცენტი მსოფლიო პანდემია და უხილავი მტრის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედროები იყვნენ. ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა შექმნილ კრიზისულ ვითარებაში პროდასავლური ორიენტაციისა და პოლიტიკური კონსოლიდაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა თავად ოკუპაციაზე არაფერი უთქვამს.

გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები და თქვეს, რომ მათ მიერ დაწყებული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის კვლავ გრძელდება.

საზეიმო ცერემონიალის დასკვნით ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებიც დააჯილდოვეს. პანდემიის გამო დამოუკიდებლობის დღე განსხვავებულად აღინიშნა.

ქუთაისში, სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებზეც. ადგილზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. "სამშობლოსათვის თავდადებული" სამხედრო მოსამსახურეები კი მედლებით დააჯილდოვეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ქუჩებსა და შენობებზე საქართველოს ეროვნული დროშები იყო გადმოფენილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმაც. "ევროპულმა საქართველომ" მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გამოფენა მოაწყო და რეპრესირებული დეპუტატები გაიხსენა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კი მთაწმინდის პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. 26 მაისისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი გამოფენა, ამჯერად პარლამენტის შენობის წინ "ლელომ" მოაწყო. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა მოსახლეობას პირველი რესპუბლიკის დღე წიწამურიდან მიულოცა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიული თარიღი არც საერთაშორისო თანამეგობრობას გამორჩენია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სტრატეგიულმა პარტნიორებმა მიულოცეს. თეთრი სახლის ლიდერი გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში შტატებისა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას. ამერიკის მთავრობის სახელით მილოცვა გაავრცელა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

უჩვეულო 26 მაისს საქართველოს "გუგლმაც" მიულოცა და მთავარი გვერდის ბანერზე საქართველოს სახელმწიფო დროშა განათავსა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშის ფერებით წელსაც განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

ისტორიას, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის კედლები ინახავს, 1918 წლის 26 მაისს, კვირა დღეს დაიწერა. 102 წლის წინანდელ ამბავს დამფუძნებელი კრების ის ოქმი ჰყვება, რომლის მიხედვითაც სასახკუს დარბაზში ერთი სახელმწიფო დაშლილად გამოცხადდა და მეორემ დამოუკიდებლობის დღეების ათვლა დაიწყო. მართალია ქვეყანამ თავისუფლებაში მხოლოდ სამი წელი იცხოვრა, მაგრამ მოგვიანებით სწორედ დამფუძნებელი კრების აქტი გახდა უკვე 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

დღის ამბები