24 ოქტომბერი 2020,   02:31
ვრცლად
გორში 28 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სავარაუდო მკვლელობაზე საუბრობს და გარდაცვლილის მეუღლეს ადანაშაულებს

28 წლის ირინა თოდაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი არავინ იცის. ოჯახი, რომელმაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი სავარაუდოდ 2 დღიანი დაგვიანების შემდეგ ნახა, თითქმის დარწმუნებულია, რომ ის მოკლულია. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ სიკვდილამდე მიიღო.

გარდაცვლილის ახლობლებს მხოლოდ ერთი ვერსია აქვთ, რომ სავარაუდო დანაშაულში ახალგაზრდა ქალის მეუღლე ფიგურირებს. მათთვის საეჭვოა ინფორმაცია, რომ ქმარი რამდენიმე დღე სახლში არ იყო და შინ დაბრუნებულს ცოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ფიქრობენ, რომ ეს ვერსია დანაშაულის დაფარვისთვის გამოიგონა.

ოთარ გუგუტიშვილის სახელზე შემაკავებელი ორდერი უკვე არსებობს, თუმცა ცოლზე ძალადობის ფაქტს ეს არ უკავშირდება.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, 28 წლის ქალის მეუღლე ხშირად სვამდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კი ჩხუბობდა, ოჯახის წევრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გამო იძულებული გახდა ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრება ცალკე, ნაქირავებ ბინაში გაეგრძელებინათ.

ამ ბრალდებებზე გარდაცვლილის მეუღლეს პასუხის გაცემა არ სურს. ოთარ გუგუტიშვილს იმედი აქვს, რომ მისი ცოლის სიკვდილის მიზეზებს გამოძიება დროულად დაადგენს და მისი უდანაშაულობა გაირკვევა.

დღის ამბები