23 ოქტომბერი 2020,   01:21
ვრცლად
ეს იყო უხეში დიპლომატიური შეცდომა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან - სალომე სამადაშვილი უკრაინიდან ელჩის დაბარების შესახებ

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ კონსულტაციებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ელჩის დაბარება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას მოჰყვა. 

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული მხარის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა, სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. 

"ეს იყო უხეში დიპლომატიური შეცდომა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობების დაძაბვა მათი სუვერენული გადაწყვეტილების გამო, კონკრეტულ თანამდებობაზე ვის დანიშნავდა და ვის არა. ამით დაზიანდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, უმჯობესი იქნება თუ ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას მიხედავს. 

"ყველაზე სწორი დამოკიდებულება იქნება დავანებოთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას თავი, მივხედოთ ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირთან, ნატოსთან ურთიერთობებს და ზოგადად საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას, რომელიც არის რუსეთის ფედერაცია და არა შიდა საქმეებში ჩარევას და განცხადებებს და კომენტარების კეთებაზე იმაზე, რა იქნებოდა უმჯობესი, ვინ დაინიშნა და ვინ არა,“  - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ეხმაურებიან დამოუკიდებელი დეპუტატები. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ ელჩთან კონსულტაციები სამომავლო ურთიერთობებს ეხება.

"მე ვფიქრობ, ალბათ ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკავშირდება იმას, რომ ახალ მიდგომებზე ჩამოვყალიბდეთ. ქვეყანამ ახალი ინსტრუქცია მისცეს ელჩს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაგრძელდეს თანამშრომლობა უკრაინის ხელისუფლებასთან. ამაში მე პირადად ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ," - აცხადებს თამარ ხულორდავა.

განცხადება გააკეთა კიდევ ერთა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

"რისკენ მივდივართ ჯერჯერობით არ ვიცი. ეს ადამიანი უკვე დანიშნულია, ის ადამიანი საქართველოს სამართლებრივი სისტემით არის აღიარებული როგორც დამნაშავე, იქ კიდევ მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც პერიოდულად ერთვება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მნიშვნელოვნად არის ქვეყნებს შორის გარკვეული საკითხები დასალაგებელი უმაღლეს დონეზე,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, 8 მაისს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.  

დღის ამბები