23 ოქტომბერი 2020,   01:11
ვრცლად
ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მომდევნო 2 თვეში დაიფარება - ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა პრობლემაზე ონკოლოგიურ ცენტრთან დაკავშირებით, სადაც მედპერსონალს ჰონორარი რამდენიმე თვეა არ აუღია, ხოლო თავად კლინიკის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ონკოლოგიური ცენტრი იმ ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომელიც გასული წლის ნოემბერში შეიქმნა და რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო კლინიკაა გაერთიანებული. მისი ინფორმაციით, ჰოლდინგის განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც ივნისის თვეში დაიწყება, სწორედ ონკოლოგიური საავადმყოფოს რეკონსტრუქციას მოიცავს.

"ჩვენ უკვე შეგვიძლია, დავაანონსოთ ჰოლდინგის განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ონკოლოგიური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს მისი ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და თანამედროვე სტანდარტებზე მის მორგებას როგორც ინფრასტრუქტურის, ისე აღჭურვილობის კუთხით. კლინიკები ეტაპობრივად გადმოეცემა ჰოლდინგს და პირველი ეტაპი დასრულდა მარტის თვეში. კოვიდინფექციიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა საშუალება მეტად ადრე დაგვეწყო ეს ღონისძიებები. თუმცა, უკვე ივნისის თვეში, ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პაციენტებს - ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ პაციენტების მკურნალობას და მათ დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას,"-განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, როგორც "რუსთავის 2-ის" მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მართლაც არსებობს და ის უახლოესი 2 თვის განმავლობაში დაიფარება.

"სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მედპერსონალის სახელფასო ანაზღაურება მოხდება. ამ კვირაში, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად გავაგრძელებთ მათთან მოლაპარაკებებს. დღეს 4 საათზეც არის ჩანიშნული ვიზიტი და ჩემი მოადგილის, ასევე, ჰოლდინგის დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება ეს საკითხი. ისინი დეტალურად გაივლიან ყველა იმ პრობლემას, რომელიც პერსონალს აქვს და მისი ანაზღაურება მოხდება შემდეგი 2 თვის მანძილზე,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდინგი ნოემბერში შეიქმნა, კლინიკების სახელმწიფო ბაზაზე გადმოტანის პროცესი მხოლოდ მარტში დასრულდა, რის გამოც სახელფასო დავალიანების პრობლემა დროულად ვერ მოგვარდა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ხელფასების პრობლემა საავადმყოფოს დაბალი შემოსავლითაც იყო განპირობებული.

"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთულობა არ აღემატება 10%-ს, რაც არ იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო პერსონალის ანაზღაურების დროული გასტუმრება და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობა არ აღემატება 60-70 000 ლარს, როდესაც იქ დასაქმებული 225 პერსონის სახელფასო ანაზღაურება არის 200 000-მდე. აქვე დგას როგორც კომუნალური გადასახადის გადახდის, ასევე იმ მომწოდებლების მიმართ ვალდებულება, რომელიც საავადმყოფოს გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, რის შედეგადაც მივედით შეთანხმებამდე და ავიღეთ პასუხისმგებლობა ყველა იმ დავალიანებაზე, რომელიც დღესდღეობით ცენტრს გააჩნია,"-განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი ივნისში დაიწყება და, დაახლოებით, 1-1.5 წელი გაგრძელდება.

დღის ამბები