21 ოქტომბერი 2020,   06:04
ვრცლად
ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0.59, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით - ჯანდაცვის მინისტრი

"დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, 0,59-ს შეადგენს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ინფექციის ზრდის მოლოდინი არ არსებობს.

თუმცა, ის განმარტავს, რომ გრძელდება მუდმივი კონტროლი და მოსახლეობის ტესტირება კრიტიკულ წერტილებში, რომელშიც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ამ რეგიონების შესწავლა ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში გრძელდება.

"დღევანდელი მდგომარეობით რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0.59, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით, თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილი არის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი ჯერჯერობით, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ამ რეგიონების შესწავლა. ასევე ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური," - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს, როდესაც მოძრაობა გახსნილია, საგანგებო მდგომარეობა არ არის, ხოლო შეზღუდვები შერბილებულია, ამის გათვალისწინებითაც გამორიცხავთ მეორე ტალღას?

შეზღუდვების შერბილების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით სრული ზედამხედველობა მიმდინარეობს. ასევე კრიტიკულ რეგიონებზეც, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტი შედის.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, COVID-19-ის აფეთქების მეორე ტალღას მხოლოდ შემოდგომაზე ელოდებიან. მინისტრის თქმით, ამ მხრივ ზაფხულში მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებს ელოდებიან, რომლებსაც მაღალი რისკის მაჩვენებელი არ ექნება.

"ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად დაკვირვება, მიმდინარეობს სრული ზედამხედველობა ქვეყნის მასშტაბით, როგორც სხვადასხვა რეგიონზე, ასევე კრიტიკულ რეგიონებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტში.

თვითონ ვირუსის თვისებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენა ხდება 2 კვირის შემდეგ და რა თქმა უნდა, ის, რასაც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს არის სიმართლე და სწორედ აქედან გამომდინარე არის გარკვეული რეგულაციები ჯერჯერობით კიდევ დატოვებული და ჩვენ ამას მკაცრად ვიცავთ. 2 კვირის შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი სურათი იმის შესახებ თუ რამდენად მოხდა საქართველოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების ჯაჭვის სრული აღმოფხვრა. ამისთვის საჭირო არის ორი საინკუბაციო პერიოდი, რომ ჩვენ გვქონდეს უკვე სრულიად მტკიცებულებით იმის თქმის საშუალება და უფლება, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება აღარ მიმდინარეობს და ჩვენ არ ველოდებით იმ მოსალოდნელ მეორე ტალღას.

თუმცა, რაც მეორე ტალღასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, მეორე ტალღის მაღალი ალბათობით ჩვენ მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომაზე. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ჩვენ ველოდებით გარკვეულ შემთხვევებს, თუმცა მას არ ექნება ძალიან მაღალი რისკის მაჩვენებელი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები