21 ოქტომბერი 2020,   06:11
ვრცლად
პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარებულებს სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა - საია გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.

ორგანიზაციის ადვოკატის, რეზო აჭარაძის ინფორმაციით, პროკურატურა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იმას ასახელებს, რომ სტატუსის მოთხოვნის დროის დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები არ იყო ცნობილი. მისივე თქმით, საია გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.

"იქიდან გამომდინარე, რომ მივმართეთ როგორც პროკურორს, ასევე, ზემდგომ პროკურორს და ყველგან უარი მივიღეთ. ეს უკვე მეორე წრეა, ფაქტობრივად, რადგან წინა წელსაც ასეთი რეალობა იყო. შევიტანეთ სასამართლოში საჩივარი, რომლითაც ვუთხარით, რომ ამ პირებს მიეცით შესაბამისი სტატუსი. თუკი ეს არ მოხდა, სტრასბურგში წავიღებთ აღნიშნულ საქმეს. როგორც წინა წელს, როდესაც ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული გადაწყვეტილება და არგუმენტად იყო მითითებული სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები, დღესაც იგივე მოიწერეს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები არ გვაქვსო. უკვე, რა თქმა უნდა, უცნაურია 1 წლის განმავლობაში როგორ მოვიდა მაკო გომურზე პასუხები და სხვებზე როგორ ვერ მოვიდა. საგამოძიებო ორგანომ არ მოიკითხა, ვთქვათ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თუ სხვა რეალობაა.

აღსანიშნავია, რომ არც არის აუცილებელი ეს ექსპერტიზის დასკვნები, რადგანაც თვითონაც განმარტეს, რომ უდავო ფაქტია, იმ საღამოს მიიღეს პირებმა აქციაზე დაზიანებები. თუმცა, უნდა გავარკვიოთ რა სიმძიმის დაზიანებაა, ვინ და როგორ მიაყენა,"-განაცხადა რეზო აჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ძალის გამოყენებით დაშალა.

პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. 2-მა მოქალაქემ თვალი დაკარგა, დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

ამ ეტაპზე, ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე.

დღის ამბები