23 ოქტომბერი 2020,   01:37
ვრცლად
რამ გამოიწვია კონფლიქტი, რომლის დროსაც ქუთაისში შვილმა მამა მოკლა - მკვლელობის ბრალდებით 31 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს

ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სავარაუდოდ მამის შენიშვნა ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით არ მოეწონა და ამის შემდეგ მიაყენა ცივი იარაღით ჭრილობები. შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგეს და მიზეზი არ იციან, ასევე აცხადებენ, რომ მამა-შვილს ადრე კონფლიქტი არ ჰქონია.

მათი თქმით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. დამნაშავე შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დღის ამბები