26 ნოემბერი 2020,   02:11
ვრცლად
აჭარა მწვანე ზონის სტატუსის მისაღებად ემზადება - კორონავირუსისგან სუფთა ზონად შესაძლოა სხვა კურორტებიც გამოცხადდეს

აჭარა მწვანე ზონის სტატუსის მისაღებად ემზადება. თითქმის ერთი თვეა რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ტურისტულმა ცენტრმა მწვანე ზონის სტატუსი მიიღოს.

15 ივნისიდან რეგიონში დამსვენებლებს ელოდებიან, მანამდე კი აჭარაში დიდი სამზადისია. საზღვაო კურორტზე საზაფხულო სეზონისთვის მზადება დაიწყეს ჯერ კიდევ დახურულ სასტუმროებში, კაფე-ბარებში, რესტორნებში, რეკრიაციულ ზონებში, დელფინარიუმსა და სხვა ტურისტებისთვის საყვარელ ადგილებზე. მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებთან დასკვნით ფაზაშია. ყველა დაწესებულებას, რომელიც ტურისტს უმასპინძლებს რეკომენდაციების დაცვა და რეგულაციების შესრულება მოუწევთ.

15 ივლისიდან აჭარა შიდა ტურიზმის გახსნას ელის, 1 ივლისიდან კი ქვეყნის საზღვრები საერთაშორისო ტურიზმისათვის გაიხსნება. სპეციალურად დამსვენებლებისთვის გიდების გადამზადება განხორციელდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადამზადებას გაივლიან ტურისტულ ზონებში მომუშავე სხვა პირებიც. ორშაბათიდან კვირის ბოლომდე ის რეკომენდაციები და ინსტრუქციები გავრცელდება, რომელიც კერძო და სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა. უსაფრთხო დერეფნების შესახებ მოლაპარაკებები სამიზნე ქვეყნებთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

კორონავირუსისგან სუფთა ზონად შესაძლოა გამოცხადდეს წყალტუბოც. ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერების პროცესი ტურიზმით უნდა დაიწყოს. პრემიერის ამ განცხადების შესახებ კარგად იციან წყალტუბოშიც, სადაც პანდემიის გამოცხადების შემდეგ საკარანტინო სივრცეები მოეწყო. ადგილზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ რეკომენდაციების დაცვა მათ არ გაუჭირდებათ, რადგან საკარანტინო სივრცეებში მუშაობის დროს დიდი გამოცდილება დააგროვეს.

წყალტუბოში ჩასულ ტურისტს დასვენების გარდა მკურნალობის საშუალება აქვს, იქ ადამიანები სასუნთქი გზებისა და რევმატულ დაავადებებს მკურნალობენ. გამოცხადებული პანდემიის გამო მსოფლიოს სხვა ქალაქების მსგავსად ტურიზმი წყალტუბოშიც გაჩერდა. ადგილობრივების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ისინი ზაფხულში გასულ წელთან შედარებით დამსვენებლების მცირე რაოდენობას ელიან, თუმცა ამბობენ, რომ წყალტუბოსთვის მწვანე ზონის სტატუსი მათ ეკონომიურ მდგომარეობას მცირედ, მაგრამ მაინც გააუმჯობესებს.

მწვანე ზონის სტატუსის მისაღებად ემზადება კურორტი საირმეც, სადაც ამ დრომდე საკარანტინო სივრცეებია. კურორტის ადმინისტრაციისთვის გაიდლაინების ნაწილი უკვე ცნობილია, მაგრამ სამუშაო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, არ არის გამორიცხული ინსტრუქციებში ცვლილებებიც შევიდეს.

ამ მონაცემებით დამსვენებლებმა ერთმანეთთან დისტანცია უნდა დაიცვან, ასევე შემუშავებულია წესები აუზსა და საკვებ ობიექტებში ყოფნის დროს. სავარაუდოდ ტურისტი საცურაოდ წინასწარ განსაზღვრულ დროს უნდა მივიდეს, ასევე გაიმიჯნება გასარუჯი სივრცეები. 2 საათში ერთხელ მოხდება სასტუმროსა და შემავალი ობიექტების დეზინფექცია. კურორტი საირმე გარე სივრცეების მაქსიმალურად დატვირთვას გეგმავს, მსურველებს დასვენება 15 ივნისიდან შეუძლიათ.

მწვანე ზონის სტატუსს სავარაუდოდ კახეთიც მიიღებს, სადაც სასტუმროებში სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ დრომდე არ გაჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები გუდაურშიც, სადაც პანდემიის გამოცხადების გამო ზამთრის სეზონი ნაადრევად დასრულდა, მაგრამ არ არის გამორიცხული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონად გუდაურის მთის კურორტიც დასახელდეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ქალაქებისა და რეგიონების ზუსტი სია მომდევნო კვირიდან გავრცელდება. მწვანე ზონის გამოცხადების შემთხვევაში კურორტი ტურისტისთვის მეტად უსაფრთხო იქნება, რაც მათი მოზიდვის შესაძლებლობას გააჩენს.  

დღის ამბები