26 ნოემბერი 2020,   02:30
ვრცლად
განადგურებული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური რესურსის უქონლობა - ონკოლოგიის ცენტრი არსებობისთვის იბრძვის

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი არსებობისთვის იბრძვის - 660 საწოლზე გათვლილი კლინიკა დღეს თითქმის 30 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს. თუმცა ექიმებს, ტექნოლოგიური რესურსის ფაქტობრივად უქონლობის გამო პაციენტების გადამისამართება ხშირად სხვა კერძო საავადმყოფოებში უწევთ.

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პირველ მრავალპროფილურ ცენტრს, დღეს პაციენტებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების საშუალებაც არ აქვს. არ მუშაობს სხივური თერაპიის აპარატიც. პერსონალი დაზიანებული აპარატურის შეკეთებას უკვე წლებია ელის.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვანი პროცედურების ჩატარებას ხელს დაზიანებული ინფრასტრუქტურაც უშლის. შენობის დიდი ნაწილი თითქმის ათი წელია სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენებით არის სავსე. სარემონტოდ გამზადებული და მიტოვებული სართულები - ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ცენტრის რეალობაა. დღეს შენობის ერთი ფლიგელის მხოლოდ რამდენიმე სართული ფუნქციონირებს. ექიმების თქმით, ეს პაციენტების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. მედიკოსების განმარტებით, ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სხივური ბუნკერების არსებობა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

ონკოლოგიის ცენტრში ვითარებას სახელფასო დავალიანებაც ართულებს. როგორც ცენტრის თანამშრომლები "კურიერთან" ყვებიან, პერსონალის უმრავლესობას დღემდე გასული წლის ივლისის ხელფასიც კი არ აუღია. თანამშრომლების განცხადებით, თითქმის ერთი წლის ხელფასის მიღების დაპირებებს ისმენენ, მაგრამ დავალიანება ჯერჯერობით კვლავ უცვლელი რჩება. საავადმყოფოს პერსონალის განმარტებით, პირობების უქონლობა ცენტრს პაციენტების რაოდენობას პერმანენტულად უმცირებს, რაც შემოსავალზეც აისახება.

ანდრო ღვამიჩავას სახელობის უნივერსალური სამედიცინო ცენტრი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება. არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ექიმებთან შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გამართეს, თუმცა, შედგა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება უცნობია. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი წოწკოლაურმა და გიორგი ჩოგოვაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლებმა უმძიმესი პირობების გამო საპროტესტო აქცია ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამართეს. დავალიანება, აპარატურის უქონლობა და დანაწევრებული ინფრასტრუქტურა ექიმებს თითქმის 45 წლიანი ტრადიციის მქონე ცენტრის ისტორიის შესაძლო დასასრულის განცდას უქმნის.

 

 

 

 

დღის ამბები