20 სექტემბერი 2020,   11:19
ვრცლად
ორთვიანი იზოლაციის შემდეგ გახსნილი ბოლნისი - რა ვითარებაა "წითელ ზონად" დარჩენილ მუშევანსა და გეტაში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკ-საგუშაგოები უკვე დაშალეს, ორთვიანი იზოლაციის შემდეგ, მოქალაქეები დღეს შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან, თუმცა 48 დასახლებული პუნქტიდან ჩაკეტილ ზონად რჩება 2 - სოფელ მუშევანსა და გეტაში შეზღუდვები ნარჩუნდება.

ბოლნისის დაავადებათა აღრიცხვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამ სოფლებში გამოვლენილი შემთხვევებიდან მძიმე მხოლოდ ორია:

"დაინფიცირებულთა ძირითადი ნაწილის მდგომარეობა ძირითად შემთხვევაში ინფექციის გამოვლენისას იყო უსიმპტომო. 2 მძიმე პაციენტი გვყავს, თუმცა ვფიქრობთ რომ ჩვენი ექიმები მათ შესაბამის მკურნალობას შეძლებენ," - აღნიშნა მაკა მამარდაშვილმა.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, ჩაკეტილ დასახლებულ პუნქტებში საკვები პროდუქტების პრობლემა არ დგას, ამასთან მერიას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სოციალური აქციებიც:

"არცერთ ამ დასახლებულ პუნქტში ჩვენი ინფორმაციით საკვები პროდუქტების  პრობლემა არ დგას იმიტომ რომ იქ სურსათის დისტრიბუტორებს აქვთ გადაადგილების საშუალება, სპეციალური საშვით და ეკიპირებით. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიას დაგეგმილი აქვს სოციალური აქციები ორივე სოფელში, სადაც თითოეულ ოჯახზე დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში სხვადასხვა პროდუქტი იქნება განაწილებული, პლუს ჩვენ კერძო შემოწირულობით განვახორციელებთ ჩვილი ბავშვების კვების განაწილებას ამ სოფლებში," - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღის ამბები