29 ოქტომბერი 2020,   06:51
ვრცლად
ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მოწესრიგებას მოითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები დღეს ქვემო ალვანის ცენტრში შეიკრიბნენ და კონტრაქტორი კომპანია უყურადღებიბაში დაადანაშაულეს. მათი განმარტებით, თითქმის 20 დღეა, რაც ზვავი ჩამოწვა და გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები კი ამ დრომდე შეჩერებულია, რის გამოც საქონელი მთაში ვერ გადაჰყავთ.

თუშები აცხადებენ, რომ წლებია კონტრაქტორი კომპანია მოძველებული ტექნიკით მუშაობს, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დროულად და ხარისხიანად ვერ ხდება.

"შეიძლება ყოველ წელს ამ მოთხოვნით აქციას ვმართავდეთ? ამ დრომდე გზა დაკეტილია. რაც ზვავი ჩამოწვა და უბედური შემთხვევა მოხდა სამუშაოები შეაჩერეს. მთაში საქონელო ვერ გადაგვყავს, მხოლოდ მეცხვარები ახერხებენ გადასვლას. ისედაც ტურისტებმა გააუქმეს ჯავშნები. ვითხოვთ დროულ რეაგირებას და გზის გაწმენდას," - აცხადებს ადგილობრივი სოსო ბაბულაიძე.

საპროტესტო აქციის მოთხოვნები ადგილზე მოისმინა,კონტრაქტორი კომპანია "ენერჯი გრუპის" დირექტორმა.  გიორგი წიკლაურის თქმით, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და სამუშაო პროცესი სავარაუდოდ ორშაბათიდან განახლდება, თუმცა ზვავ-საშიშროებიდან გამომდინარე ნებართვას საგზაო დეპარტამენტიდან ელოდებიან.

დღის ამბები